ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„რიყის პარკში ვინც შემოდის, თავს ყველა საჰაერო ბურთთან იყრის“ – Air balloon tbilisi-ს პანდემიური წელი
08 ივლისი, 2021

„ძველ თბილისს და რიყის პარკს ახალი ელფერი შემატა. ვინც შემოდის, თავს ყველა საჰაერო ბურთთან იყრის“, - ასე აფასებს Air balloon tbilisi პანდემიურ 2020-21 წლებს. კომპანიის კომერციული დირექტორი „კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, რომ უნიკალური გასართობი ტურისტული ატრაქციონის მიმართ ინტერესი ძალიან მაღალია. მეა კაპანაძე გვიყვება, რომ საჰაერო ბურთი არაჩვეულებრივი პლატფორმაა სხვადასხვა სახის ღონისძიებებისთვის. მისი თქმით, ატრაქციონს ხელის თხოვნის ცერემონიისთვისაც ხშირად გამოიყენებენ. ამბობს, რომ ამ დროის განმავლობაში Air balloon tbilisi-ს კორპორაციული კუთხით ძალიან ბევრ კომპანიასთან უთანამშრომლია.

„ჩვენი მომხმარებლების უმეტესი ნაწილი ტურისტები არიან, თუმცა გეტყვით, რომ ბაზარი წარმატებით ავითვისეთ. საქართველოს მოქალაქეებისთვის გვაქვს ფასდაკლება. ამით ვცდილობთ ეს მომსახურება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი იყოს. ტურისტების რაოდენობამ, საბედნიეროდ, მოიმატა. შესაბამისად, ჩვენც დიდი პოპულარობით ვსარგებლობთ. საქართველოს მოქალაქეებისათვის საჰაერო ბურთით ფრენა, ფასდაკლებით - 35 ლარი, ხოლო ტურისტებისთვის - 50 ლარი ღირს. ბილეთის ღირებულება მეტი უნდა ყოფილიყო, მაგრამ პანდემიური პერიოდის გათვალისწინებით თანხა უცვლელი დავტოვეთ. ოპერირებას ამინდის გათვალისწინებით ვახდენთ. სტაბილური სტატისტიკა, თუ რამდენ ადამიანს ვემსახურებით, არ გვაქვს, რადგან ფრენა დღის განმავლობაში არსებულ ამინდზეა დამოკიდებული .პროფესიონალი პილოტები ფრენებს ქარის სიმძლავრის გარკვეული მოცემულობის მიხედვით გეგმავენ, რაგან ჩვენთვის უსაფრთხოება პრიორიტეტია. რიყის პარკში ვინც შემოდის, თავს  ყველა საჰაერო ბურთთან იყრის. ინტერესი ძალიან მაღალია ყველა ასაკობრივ კატეგორიაში. ფოტოებს იღებენ, მოსწონთ ატრაქციონი. ფოტოებით და ვიდეოებით დახუნძლულ მასალას აგროვებენ და დადებით ემოციებთან ერთად გვიზიარებენ. დადებითი გამოხმაურება გვაქვს - უხდება ქალაქს საჰაერო ბურთი, ახალი ელფერი შემატა, რაც გვახარებს“, - ამბობს მეა კაპანაძე.

შეგახსენებთ, რომ საჰაერო ბურთი თბილისში პირველად გასულ წელს გამოჩნდა. პროექტი შ.პ.ს „ატრაქციონმა“ ფრანგ პარტნიორებთან ერთად განახორციელა. საჰაერო ბურთი 32 მეტრი სიმაღლისაა, ხოლო  ფრენის უმაღლესი წერტილი 150 მეტრია .ტურისტული ატრაქციონში 4 500 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.