ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„როცა ტურიზმის სექტორი სრული დატვირთვით ვერ მუშაობს, ეკონომიკის წარმოების პოტენციალი კვლავ შემცირებული რჩება“
05 აგვისტო, 2021

იმ შემთხვევაში, თუ ვირუსის ახალი ტალღების შესაკავებლად ქვეყნებს შორის მობილობაზე შეზღუდვები კვლავ დაწესდება, ტურიზმის აღდგენა შეფერხდება. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.

„ტურიზმი საქართველოს მიმდინარე ანგარიშის ბალანსის მნიშვნელოვანი კომპონენტია და ამ რისკის რეალიზება მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს გააღრმავებს. ეს კი, რისკის გაზრდილი პრემიების გამო გაუფასურებული გაცვლითი კურსის ფონზე, იმპორტირებული ინფლაციისა და შუალედური ხარჯების არხით ინფლაციურ წნეხს გაზრდის.

ამის პარალელურად, გარკვეულ ინფლაციურ რისკებს შიდა მოთხოვნის აღდგენის ტემპიც წარმოქმნის. წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის აპრილიდან ეკონომიკური აქტივობა სწრაფად იზრდება, რაც გარკვეულწილად საბაზო ეფექტის ასახვაა. თუმცა დაფიქსირებულმა აქტივობამ 2019 წლის დონესაც მნიშვნელოვნად გადააჭარბა, რაც ეკონომიკურ გაჯანსაღებაზე მიუთითებს. იმ პირობებში, როცა ტურისტული სექტორი სრული დატვირთვით ვერ მუშაობს, ეკონომიკის ჯამური წარმოების პოტენციალი კვლავ შემცირებული რჩება. ამის ფონზე, საბაზო სცენართან შედარებით მაღალი შიდა მოთხოვნა ინფლაციური გახდება.

ლოკალურ დონეზე რისკის შემცველია ვაქცინაციის პროცესიც. თუ ამ პროცესს საქართველოში მოსალოდნელზე მეტი დრო დასჭირდა, შიდა ეკონომიკური აქტივობა, საბაზო სცენართან შედარებით, დაბალი აღმოჩნდება და ეკონომიკურ გაჯანსაღებას შეაფერხებს. ერთი მხრივ, სუსტი მოთხოვნა დისინფლაციურ ეფექტებს წარმოქმნის, მაგრამ მეორე მხრივ, ადგილობრივი ეკონომიკური აქტივობის დიდი ხნით შეფერხება ეკონომიკის ჯამურ პოტენციალს შეამცირებს და, შედეგად, სუსტი მოთხოვნაც ნაკლებად დისინფლაციური იქნება“ - აღნიშნულია ანგარიშში.

გარდა ამისა, სებ-ის მიმოხილვის მიხედვით, მაკროეკონომიკური პროგნოზების რისკად კვლავ რჩება საერთაშორისო ბაზრებზე პროდუქტების ფასების მზარდი ტენდენციები. გაზრდილი ფასები ადგილობრივ ბაზარს უკვე გადმოეცა, მაგრამ ამ ტენდენციის ხანგრძლივად შენარჩუნება ინფლაციურ რისკებს დამატებით გაზრდის. სებ-ის მოსაზრებით, საბაზო სცენარიდან გადახრას პანდემიის მოსალოდნელზე ადრე დასრულებაც გამოიწვევს.

„ეს პოზიტიური შოკი იქნება და, ამ შემთხვევაში, ერთი მხრივ, ეკონომიკური გაჯანსაღება უფრო სწრაფი ტემპით გაგრძელდება, ხოლო მეორე მხრივ, შეზღუდვების მოხსნის, ტურიზმის აღდგენისა და მიმდინარე ანგარიშის გაუმჯობესების ფონზე, ინფლაცია პროგნოზირებულთან შედარებით დაბალი იქნება. ასეთ შემთხვევაში, დღეს არსებული მაღალი ინფლაციური წნეხი, რაც გაზრდილი საწარმოო ხარჯებიდან მოდის, ამოიწურება. დღევანდელი გადმოსახედიდან და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შეფასებებიდან ამ შოკის რეალიზება კვლავ ნაკლებ ალბათურია“, - წერია სებ-ის ანგარიშში.

bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.