ბახმაროს გენგეგმა უკვე მზადაა – როდის დაიწყებენ გერმანელი ინვესტორები კურორტის განვითარებას?
უახლოეს დღეებში ბახმაროს განვითარების გენერალური განაშენიანების გეგმა დამტკიცდება. ამის შესახებ „კომერსანტთან" გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე საუბრობს. მისი განცხადებით, ბახმაროს განვითარების მიზნით კომპლექსური ღონისძიებები უკვე დასახულია, განაშენიანებიც გეგმაც შემუშავებულია და უახლოეს პერიოდში ჩოხატაურის საკრებულოს მიერ დამტკიცდება.
როგორც გია სალუქვაძე აცხადებს, ამის შემდეგ დაიწყება ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის, ელექტროსადენების და საკომუნიკაციო სისტემების მშენებლობა.
„განაშენიანების გეგმის მომზადების შემდეგ უკვე შესაძლებელი იქნება, კონკრეტულ ტერიტორიაზე დაიგეგმოს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები. ამ გეგმის არარსებობის გამო ვერ ხდება დაინტერესებული ინვესტორისთვის მიწის გასხვისება ან იჯარით გადაცემა "-აცხადებს სალუქვაძე.
მისი განცხადებით, გერმანელ ინვესტორთა ჯგუფი, რომელიც კურორტის განვითარებით არის დაინტერესებული, ითხოვს ტერიტორიას, სადაც ექსტრემალური სპორტისთვის საჭირო ტრასებს და ლანდშაფტს მოაწყობს. ინვესტორებს ასევე უნდათ, რომ ტრასის მიმდებარედ სასტუმრო კომპლექსი მოაწყოს.
შეგახსენებთ, მთავრობამ კურორტ „ბახმაროს" განვითარება პრიორიტეტად 2015 წლის თებერვალში დაასახელა. მაშინ ითქვა, რომ შეიქმნებოდა სპეციალური ჯგუფი, რომელიც კურორტის განვითარების კომპლექსურ ღონისძიებებს დასახავდა მიზნად.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი კურორტების პოტენციალი იქნას ბოლომდე ათვისებული, რადგან ტურიზმი გახლავთ ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი დარგი", - აღნიშნავდა მაშინ პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. იმავე პერიოდში გურიის გუბერნატორი აცხადებდა, რომ კურორტის განვითარებას გერმანელი ინვესტორი ინგუ შლუტიუსი გეგმავს.
ბახმარო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, აჭარა - გურიის მთაგრეხილზე, ზღვის დონიდან 2050 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს
ავტორ(ებ)ი: სოფო ქსოვრელი
commersant.ge