ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
როდის გახსნის „ჰუალინგი“ ეკონომიკის სამინისტროს ყოფილ შენობაში სასტუმროს?
07 ნოემბერი, 2022

თბილისში, ჭანტურიას ქუჩაზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ყოფილ შენობაში სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობს და 2024 წლის ბოლომდე ექსპლუატაციაშიც უნდა შევიდეს.

„ჰუალინგ ჯგუფმა“ შენობა პირობებიან აუქციონზე 2015 წელს 9 მლნ 450 ათას დოლარად იყიდა და აქამდე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების გადავადება სახელმწიფოსგან რამდენჯერმე ითხოვა.

„კომერსანტი“ სასტუმროს მშენებლობის დეტალებით დაინტერესდა, თუმცა კომპანიაში რამდენიმე კვირიანი ლოდინის შემდეგ გვითხრეს, რომ მშენებლობა „გეგმიურად მიმდინარეობს“ და ამ ეტაპზე „არაფერი სიახლე არ აქვთ“.

ამიტომ „კომერსანტმა“ ოფიციალურად მიმართა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, სადაც გიპასუხეს, რომ
„სააგენტოსა და სს „Hualing international special economic zone“ - ს შორის 2015 წლის 21 ივლისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების (მასში შესული ცვლილების ხელშეკრულებების გათვალისწინებით) საფუძველზე მყიდველის ვალდებულებად განისაზღვრა, უზრუნველყოს, პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით „ქონებაზე“ სასტუმროს შექმნა (მათ შორის, მშენებლობა ან და რეკონსტრუქცია, კანონით დადგენილი წესით ექსპლუატაციაში მიღება) და ფუნქციონირების დაწყება არაუგვიანეს 2024 წლის 28 ოქტომბრისა.

ამასთან, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებ(ებ)ის თაობაზე დამატებით გაცნობებთ, რომ მათი შესრულების ვადა ჯერ არ დამდგარა“.

რაც შეეხება ინვესტიციას, არაოფიციალური ინფორმაციით, ინვესტორს შენობის შეძენა და მშენებლობა $45 მლნ დოლარი უჯდება.

შეგახსენებთ, რომ პროგრამა „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში ჭანტურიას N12-ში მდებარე შენობა, რომელშიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იყო განთავსებული, 2015 წლის 26 ივნისს 9 მილიონ 450 ათას აშშ დოლარად გაიყიდა.

„ჰუალინგ ჯგუფს“ საინვესტიციო ვალდებულებების მიხედვით, ეკონომიკის სამინისტროს ყოფილი შენობის ტერიტორიაზე არანაკლებ 100-ნომრიანი სასტუმრო უნდა აეშენებინა, მშენებლობის ვალდებულება კი 2019 წლის 21 აპრილამდე ჰქონდა, თუმცა კომპანიამ ეს ვალდებულება ვერ შეასრულა და ამიტომ 21 აპრილის შემდეგ ყოველდღიურად 500 ლარით ჯარიმდებოდა. საბოლოოდ კი მხარეები გადავადებაზე რამდენჯერმე შეთანხმდნენ, რადგანაც გასულ წლებში მედია წერდა, რომ პროექტის რეალიზება ოფიციალურად 2023 წლისთვის უნდა დასრულებულიყო, თუმცა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, განახლებული, ვადა 2024 წლის ოქტომბერია.

შენობა, რომელშიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იყო განთავსებული, 2015 წლის 26 ივნისს 9 მილიონ 450 ათას აშშ დოლარად გაიყიდა. ეკონომიკის სამინისტრომ შენობა 2016 წელს დაცალა და ჭოველიძის ქუჩაზე, ნაქირავებ შენობაში გადავიდა.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.