როგორ აისახა რუსული ტურისტული ემბარგო აჭარაზე – აჭარის მთავრობის თავმჯდომარის შეფასება
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე რუსული ტურისტული ემბარგოს შედეგებს BM.GE-სთან აფასებს.
მისი თქმით, რუსეთის მხრიდან საქართველოში პირდაპირი ავიარეისების შეჩერების შემდეგ ტურისტების კლება ქალაქშიც შეიმჩნეოდა.
“ასევე აეროპორტში ტრაფიკის ნაკადების მიმართულებითაც, ვიზიტორთა კვეთების ნაწილშიც, ასევე სავაჭრო და ტურისტული ობიექტების ბრუნვებიდან გამომდინარე შეინიშნებოდა მნიშვნელოვანი კლება. თუმცა, აგვისტო წინ არის და ყველანი ვმუშაობთ კოორდინირებულად, რომ მოხდეს სიტუაციის გამოსწორება. იცით, რომ ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად ქობულეთსა და ბათუმში იმ ოჯახებს, რომლებიც დაზარალდნენ უშუალოდ ამ სანქციებით, მაქსიმალურად დავეხმარებით საბანკო დავალიანებების ნაწილში.
მაისი-ივნისის თვეში უკვე გვქონდა ტურისტული პიკი. 38%-იანი ზრდა იყო ივნისში და შემდეგ უკვე თბილისში განვითარებული მოვლენების ფონზე, რომელშიც რა თქმა უნდა, დამნაშავე არიან უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები… შემდეგ ეს უკვე აისახა ყველა იმ ტურისტულ ობიექტზე, რომლებიც რეგიონში გვაქვს. გარკვეული ნეგატიური ეფექტი შეინიშნება, თუმცა, ცენტრალურ მთავრობასთან ვმუშაობთ, რომ მოხდეს ამ სიტუაციის გამოსწორება – ერთი მხრივ არსებული ბაზრების შენარჩუნება, ასევე დივერსიფიცირება”,-აცხადებს თორნიკე რიჟვაძე.
bm.ge