ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
როგორ გამოიყურება კოსმოსის პირველი სასტუმრო – ფოტო
04 სექტემბერი, 2019

თბილი, სადა ფერები, ფუმფულა ხალიჩები, იდეალური სტილის, ულტრამოდური ავეჯი, კაფე-ბარები, სპა-სალონები და ა.შ – ასე გამოიყურება პირველი სასტუმრო კოსმოსში. პროექტის კადრები ცნობილმა დასავლურმა ჟურნალმა „Dezeen’’-მა გაავრცელა. The Von Braun Space Station-ის პირველი კოსმოსური სასტუმრო ტურისტებისთვის 2025 წლიდან ამოქმედდება.

პროექტზე Gateway Foundation მუშაობს. სამუშაოების დასრულების შემდეგ, კოსმოსის სასტუმროს კვირაში 100 ტურისტის მიღების შესაძლებლობა ექნება.

“კოსმოსში მოგზაურობა იქნება კიდევ ერთი ვარიანტი დასვენებისთვის, რომელიც მსურველებს შეუძლიათ აირჩიონ, ისევე როგორც საკრუიზო მოგზაურობა ან სამოგზაურო ტური Disney World-ში’’,- განუცხადა სასტუმროს დიზაინერულმა არქიტექტორმა ტიმ ალატორემ ჟურნალისტს.

დიზაინი 1950-იან წლებში გერმანული სარაკეტო ინჟინრის, ვერნერ ფონ ბრაუნის მიერ შემუშავებულ კონცეფციებს ემყარება.  მისი ერთ-ერთი საინჟინრო ნამუშევარი იყო მბრუნავი კოსმოსური სადგურის კონცეფცია, რომელიც მას მთვარეზე ადამიანების გადაყვანის საუკეთესო საშუალებად მიაჩნდა.

კოსმოსის სადგური 190 მეტრის დიამეტრის ბორბლისგან იქნება აგებული და ის გარშემო, 24 ინდივიდუალური მოდულით აღიჭურვება. ზოგი მოდული, კერძო მესაკუთრეზე საცხოვრებელ სახლებად მიიყიდება, ზოგს კი კვლევებისთვისა და სამეცნიერო სამუშაოებისთვის გააქირავებენ.

კოსმოსურ სასტუმროს მიზიდულობის ძალის ერთი მეექვსედი ექნება. შესაბამისად, სტუმრებს ნორმალურად ჭამა, შხაპის მიღება, საპირფარეშოში გასვლა, სპა-სალონებში ჩასვლა და კალათბურთის თამაშიც კი შეეძლებათ.

რა ეღირება ეს აქამდე წარმოუდგენელი და არარეალური მოგზაურობა კოსმოსში, ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, პროექტის ხელმძღვანელები განმარტავენ, რომ ფასები ყველასთვის ხელსაყრელი უნდა გახდეს.

bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.