ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
როგორ მიიღებენ ფერმერები ბიოწარმოებისთვის დაფინანსებას - დადგენილების დეტალები
22 ივლისი, 2022

მთავრობამ ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამა დაამტკიცა. შესაბამისი დადგენილება საკანონმდებლო მაცნეშია გამოქვეყნებული. 

პროგრამის მიზანია,  ბიოწარმოების მხარდაჭერა ბიოპროდუქტების წარმოების ზრდის უზრუნველსაყოფად, ამოცანა კი,  ბიოწარმოების მსურველი პოტენციური ბენეფიციარების ფინანსური მხარდაჭერა.

პროგრამის განმახორციელებელია სოფლის განვითარების სააგენტო. 

არაბიომეურნეობიდან ბიომეურნეობაზე გადასვლის გარდამავალ (კონვერსიის) პერიოდში ანაზღაურდება: ბიოწარმოების სერტიფიცირება; საკონსულტაციო მომსახურება; ორგანულ მეურნეობაში დაშვებული ორგანული სასუქების ან/და მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ გამოსაყენებელი ბიოპრეპარატების შეძენა; ფუტკრის სამკურნალო ბიოპრეპარატებისა და ბიოფიჭის შეძენა; თაფლისა და ცვილის ლაბორატორიული ანალიზის მომსახურება. 

პროგრამის თანახმად, პოტენციური ბენეფიციარისთვის ბიოწარმოების სერტიფიცირებისთვის ან/და საკონსულტაციო მომსახურებისთვის ან/და თაფლისა და ცვილის ლაბორატორიული ანალიზისთვის კონვერსიის პერიოდში გაწეული ხარჯის ანაზღაურება ერთ პოტენციურ ბენეფიციარზე სააგენტოს მიერ განისაზღვრება არაუმეტეს 70%-ით, არაუმეტეს 7000 ლარით, ხოლო, თუ პოტენციური ბენეფიციარის თანამონაწილეობის წყაროს წარმოადგენს დონორი ორგანიზაციიდან მიღებული დაფინანსება – არაუმეტეს 40%-ით, არაუმეტეს 4000 ლარით.

კონვერსიის პერიოდში, მხოლოდ მევენახეობისა და საფუტკრე მეურნეობის შემთხვევაში, ერთი პოტენციური ბენეფიციარისთვის ორგანულ მეურნეობაში დაშვებული ორგანული სასუქების ან/და მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ გამოსაყენებელი ბიოპრეპარატების შეძენის ხარჯის ან/და ფუტკრის ბიოპრეპარატებისთვის და ბიოფიჭის შესაძენად გაწეული ხარჯის ანაზღაურება სააგენტოს მიერ განისაზღვრება შემდეგი პირობებით:

  • მევენახეობის შემთხვევაში, 1 ჰა-ზე გადაანგარიშებით განისაზღვრება არაუმეტეს 70%-ით, მაგრამ არაუმეტეს 5100 ლარის ოდენობით, ხოლო, თუ პოტენციური ბენეფიციარის თანამონაწილეობის წყაროს წარმოადგენს დონორი ორგანიზაციიდან მიღებული დაფინანსება – არაუმეტეს 40%-ით, მაგრამ არაუმეტეს 2900 ლარის ოდენობით. გაწეული ხარჯის ანაზღაურება განხორციელდება არაუმეტეს 5 ჰა-ზე გადაანგარიშებით;
  • საფუტკრე მეურნეობის შემთხვევაში, ბიოპრეპარატებისთვის და ბიოფიჭის შესაძენად განისაზღვრება არაუმეტეს 70%-ით, მაგრამ  ერთ სკაზე არაუმეტეს 50 ლარისა  და ჯამურად არაუმეტეს 5100 ლარის ოდენობით, თუ პოტენციური ბენეფიციარის თანამონაწილეობის წყაროს წარმოადგენს დონორი ორგანიზაციიდან მიღებული დაფინანსება − არაუმეტეს 40%-ით, მაგრამ ერთ სკაზე არაუმეტეს 25 ლარისა და ჯამურად არაუმეტეს 2900 ლარის ოდენობით.

პროგრამის გავრცელების გეოგრაფიული არეალია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტი და თვითმმართველი ქალაქი.

business-partner.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.