ტურიზმის ექსპერტი და კომპანია Green Team Global-ის წარმომადგენელი ჰიუ ჰოუ BMG-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ ამერიკაში არ იციან, რეალურად როგორია საქართველო და რა სახის ტურისტულ პოტენციალს აერთიანებს ქვეყანა.
“თქვენ გაქვთ ულამაზესი ბუნება, ისტორიული ძეგლები, კულტურა და ტრადიციები, რაც ტურისტებისთვის საინტერესოა. ახლა ეს ყველაფერი უნდა შეფუთოთ, გააცნოთ და გაყიდოთ ეფექტიანად. მესმის, რომ ბიუჯეტი არ გაქვთ იმ მასშტაბის, რაც შეიძლება ჰქონდეს ავსტრალიას, ან ვიეტნამს, ამიტომაც მთავარი ამოცანაა, იმ თანხით რაც არის გამოყოფილი, მაქსიმალური შედეგი მივიღოთ, ამისთვის ვარ მე აქ ჩამოსული. მოდით, გავაგებინოთ თქვენი ხმა მსოფლიოს. ამერიკელებმა რომ იცოდნენ საქართველოს მდიდარი ისტორიის, კულტურის, მთებისა და ადგილობრივი ტრადიციების შესახებ, ისინი აუცილებლად ჩამოვიდოდნენ, მათ ეს განსაკუთრებულად უყვართ და ამას ეძებენ ყველგან. საქართველო არის იდეალური მიმართულება მათთვის”, – აცხადებს ამერიკელი ექსპერტი.
მისივე თქმით, იმისათვის, რომ აშშ–დან უფრო მეტი ტურისტი ჩამოვიდეს, პირველ რიგში, პირდაპირი რეისები უნდა დაემატოს, თუმცა ამბობს, რომ მისი არარსებობა არ ქმნის მნიშვნელოვან პრობლემას და მთავარია, გავაგებინოთ, რატომ უნდა ჩამოვიდნენ ისინი.
“მოგზაურობა განსაკუთრებით იზიდავთ ბეიბიბუმერების თაობას. ისინი უკვე მდიდრები არიან, აქვთ სახლი, მანქანა, მოკლედ მატერიალურად უზრუნველყოფილები არიან და ერთადერთი რაც აინტერესებთ, ეს არის მოგზაურობა. ამიტომაც, ამ ადამიანებზე მორგებული მარკეტინგული მესიჯებია გასავრცელებელი, მათი მოზიდვა ქვეყნისთვის ეკონომიკურად მნიშვნელოვანია, რადგან არიან მაღალმხარჯველუნარიანები და ისვენებენ მდიდრულად, რაც მთავარია, ქვეყანაში ფულს ხარჯავენ. ასევე, ძალიან ბევრს მოგზაურობენ მილენიალებიც, რომლებიც ძირითადად სათავგადასავლო ტურებს ირჩევენ და ხანგრძლივი პერიოდით დადიან. ამ შემთხვევაში მთავარი დეტალი არის ის, რომ მათ სულ თან დააქვთ ტელეფონი და მოგზაურობის თითოეულ დეტალს სოციალური ქსელის მეშვეობით ავრცელებენ, ეს კი ქვეყნისთვის ყველაზე დიდი რეკლამაა”, – განაცხადა ჰიუ ჰოუმ.
Green Team Global-ის წარმომადგენელი და ტურიზმის ექსპერტი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში კონკრეტულ მესიჯებს გაწერს და შეიმუშავებს მარკეტინგულ კამპანიებს, რომელიც ქვეყნის ბრენდინგისთვის იქნება ეფექტიანი და რაც საბოლოოდ საქართველოს ტურისტების მოზიდვაში დაეხმარება. ეს იქნება სამოქმედო გეგმა და პრაქტიკული ნაბიჯები როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორის წარმომადგენლებისთვის.
bm.ge