ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
როგორ შეცვალა ლოქდაუნმა ევროპელების ცხოვრების წესი
01 ივლისი, 2021

ქალაქ ნანტის ლოგისტიკური კომპანიის დირექტორი, 58 წლის კაროლონა კარანტინის დასრულების შემდეგ სამსახურში დაბრუნებას არ აპირებს.

„კოვიდმა თვალები ამიხილა. უახლოეს დღეებში სამსახურიდან საბოლოოდ წამოვალ. არ მინდა დილაობით ავდგე, ჩავჯდე მანქანაში, სამსახურში ელექტრონული ფოსტა შევამოწმო, ანგარიშები დავარედაქტირო. მეტს ამას ვერ ავიტან. მსურს ცხოვრებისგან სიამოვნება მივიღო. მეგობრებს შევხვდე, ვიმოგზაურო, ჩემს ბაღს მოვუარო. ფინანსურად გამიმართლა და ამის შესაძლებლობა საბედნიეროდ მაქვს“, – ამბობს ის.

ასეთი გადაწყვეტილებით კაროლინა მარტო არაა – ონლაინ–მუშაობის შემდეგ სრულფასოვანი საქმიანობის აღდგენისთვის მზად ყველა არაა. რამდენიმე ლოქდაუნის შემდეგ ადამიანებს ცხოვრების რადიკალურად შეცვლის მოთხოვნილება გაუჩნდათ. აღმოჩნდა, რომ ცხოვრების მშვიდი ტემპი, განრიგების, დედლაინების და მუდმივი ზეწოლის გარეშე, ბევრს ძალიან მოეწონა.

შესაძლოა, ესეც დროებითი მოვლენაა – ხანძგლივი შესვენების შემდეგ, ნაწილი, საბოლოო ჯამში, სამსახურს დაუბრუნდება – ზოგიერთს უსაქმურობა მობეზრდება, ზოგს კი ფული შემოაკლდება და სამუშაოს იძულებით განაახლებს.

თუმცა, დღეს და აქ, ამ ეტაპზე, ეს ტენდენცია სულ უფრო და უფრო აშკარაა. დასავლურმა საზოგადოებამ, რომლისთვისაც მუდმივი რბოლა წარმატებისთვის ათწლეულების მანძილზე უპირობო ნორმა იყო, დღეს ხედავს, რომ ცხოვრება სხვანაირადაც შეიძლება.

29 წლის ანამ კარანტინის დასრულების შემდეგ სამსახური – მაღალი  პოსტი ტანსაცმლის ცნობილ ბრენდში – დატოვა და საკუთარი ბიზნესი შექმნა. ამჟამად ის მოხუცთა სახლის მფლობელი და დირექტორია.

„ეს ჩემი კომპანიაა და მე ისეთ რიტმში ვმუშაობ, რომელსაც თავად ვირჩევ. შედეგებისთვის რბოლა არ მაქვს, არც დედლაინები, არც ხანგძლივი თათბირები და არც მუდმივი სტრესი. ჩვენ მშვიდად, აჩქარების გარეშე ვმუშაობთ. პირად ცხოვრებას გაცილებით მეტ დროს ვუთმობთ. მე არ მინდა ჩემს კომპანიაში იგივე რიტმი აღვადგინო, რომელშიც ადრე ვმუშაობდი“, – ამბობს ანა.

30 წლის ჯეიკობიც სამსახურიდან კარანტინის დასრულების შემდეგ წამოვიდა, მაგრამ დროებით – ის თავის საქმიანობასთან დაბრუნებას რამდენიმე წლის შემდეგ გეგმავს. თუმცა – გარკვეული პირობებით.

„ხელფასს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, ეს იყოს სამუშაო, რომელიც არსებობისთვის საკმარისია, მაგრამ მეტ თავისუფალ დროს დამიტოვებს. მე არ ვაპირებ კარიერაზე ფიქრს. უბრალოდ, ჩემს ოჯახთან ერთად მშვიდად ცხოვრება მირჩევნია. არ მსურს ძველ რეალობაში დაბრუნება, სადაც კომპანიის მკაცრი განრიგი და ჩარჩოებია – აუტანელი იყო თუნდაც ის, რომ რეალურად ჩემს სამუშაოს 3 საათზე ვასრულებდი, მაგრამ 6 საათამდე სამსახურში ტყულად ვიჯექი  – იმიტომ რომ წესი ასეთია“, – ამბობს ჯეიკობი.

პროფესორ ოდრი რიშარის თქმით, ასეთი განწყობები კარანტინის შედეგია, რომელმაც ადამიანების პროფესიული ჩვენები დაარღვია, პირველ რიგში დისტანციური მუშაობის დანერგვის გზით.

„კოვიდმა ძალიან ბევრი რამ დააჩქარა – ადამიანები მიხვდნენ, რომ ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება სურთ, ეს კი შრომის პირობების შეცვლას მოითხოვს. ხშირად პრობლემა არა თავად პროფესიულ საქმიანობაშია,  არამედ იმაში, რაც მის ირგვლივ ტრიალებს – განრიგი, უფროსობის პრეტენზიები, მომაბაზრებელი თათბირები, ცხოვრების ტემპი, მუდმივი სტრესი, და ა.შ.  ბევრმა კომპანიამ ეს ახალი რეალობა უკვე გააცნობიერა და მათ ადაპტირება მოუწევთ, თუ თანამშრომლების შენარჩუნება და ახალი კადრების მოზიდვა სურთ“, – მიიჩნევს ის.

წყარო: slate.fr


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.