დეკორატიული მცენარეების ბაღის „გარდენიას“ დამფუძნებლის ზურაბ შევარდნაძის შეფასებით, Covid-პანდემიამ მის ბიზნესზე გავლენა იქონია, თუმცა ახალი დღის წესრიგით ბიზნესის ადაპტირება მალევე შეძლეს. ამის შესახებ მან BMG Drive-ში ისაუბრა.
ზურაბ შევარდნაძის თქმით, გაზაფხულზე, შემცირებული ვიზიტორების პირობებში, ჩითილების გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო, რამაც მასთან დასაქმებული 40 ადამიანის შენარჩუნების საშუალება მისცა.
„რა თქმა უნდა, პანდემიამ უჩვეულო მდგომარეობაში ჩაგვაყენა; რომ ვთქვათ, არაფერი შეცვლილა – იქნება ტყუილი, მაგრამ პროფესიიდან გამომდინარე, ეს ამბავი შედარებით იოლად გადავიარეთ, რომ ვუყურებთ ჩემს მეგობრებს, რომლებსაც სასტუმროს ბიზნესი აქვთ და უცხოეთიდან ჩამოსულ სტუმრებზე არიან დამოკიდებულები, რომ ვუყურებ ექიმები რა დღეში არიან … მე საწუწუნო მართლა არაფერი მაქვს… თუმცა მეც დამაკლდა ბევრი რამ – წელს უნდა გვქონოდა აქტიური სამებაღეო სეზონი, ბევრი სტუმარი უნდა გვყოლოდა, ბევრი დაჯავშნილი ღონისძიება ჩაგვეშალა, მაგრამ ყველაზე მორგებული კაცი ვარ… პანდემიის დროს მებაღეობა კიდევ უფრო საჭირო გახდა, ვიდრე იყო“, – განმარტა ზურაბ შევარდნაძემ.
“გარდენიას” დამფუძნებელი ამბობს, რომ ამ პერიოდში მებაღეობით დაინტერესებული ადამიანების რაოდენობა გაიზარდა, რამაც მისი საქმიანობა უფრო მოთხოვნადი და შემოსავლიანი გახადა.
BMG