ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
როგორი გავლენა ჰქონდა რუსეთის მოქალაქეების მასიურ შემოსვლას ზაფხულის ტურისტულ სეზონზე
05 ოქტომბერი, 2022

როგორი იყო 2022 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონი, რომელი ქვეყნის მოქალაქეები შემოდიოდნენ საქართველოში  ძირითადად და რა გავლენა მოახდინა რუსეთის მოქალაქეების შემოდინებამ ქართულ ტურიზმზე, ამ და სხვა თემებზე, რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ ტურ-ოპერატორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ია თაბაგარმა ისაუბრა. მისი თქმით, სეზონი ძალიან ქაოტური იყო და ის, მოლოდინი, რაც რუსი ვიზიტორების დაკავშირებით სექტორს ჰქონდა გამართლდა.

„რა პროგნოზებსაც რუს ტურისტებთან დაკავშირებით ვაკეთებდით და რა მოლოდინიც გვქონდა გამართლდა. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ იმას, რომ რუსების ძალიან დიდი რაოდენობა შემოვიდა. მთელი სეზონი იყო ქაოტური. ვერ ვიტყვი, რომ ქვეყანაში ტურისტები არ იყვნენ, პირიქით, სხვადასხვა რეგიონში ძალიან ბევრი ტურისტი მოგზაურობდა და სხვადასხვა  სასტუმროებში რჩებოდა, ოღონდ ეს ხალხი ჯგუფებით მოვიდოდნენ  თუ ინდივიდუალურად ბოლო წუთამდე არავინ იცოდა“, - აღნიშნა ია თაბაგარმა.

თაბაგარმა დამწყები სასტუმროების როლზეც ისაუბრა და განმარტა, რომ დამწყები სასტუმროებით ტურიზმზე მსჯელობა რთულია, რადგან ისინი არ არიან მზად იმ რეალობისთვის, რაც მათ ბაზარზე ხვდებათ. თუმცა ის სასტუმროები, რომლებიც წლებია ბაზარზე არიან, ძალიან ზარალდებოდნენ რუსი ტურისტების გადახდის ფორმებით, რადგან რუსი ტურისტები წლებია გადასახადებს ქეშით იხდიან, ბარათებს ვერ იყენებენ და ეს  ყველაფერი ბაზარს  ძალიან აფუჭებს.

ია თაბაგარმა ასევე აღნიშნა, რომ ყველა ვინც ბიზნესს აკეთებს, ვალდებულია გადასახადები გადაიხადოს, თუმცა მისივე თქმით, რატომღაც აღნიშნული რუსებს არ ეხებათ და ისინი ქვეყანაში ძალიან თავისუფლად გადაადგილდებიან. 

„ჩვენ დიდი ხნის ტურ-ოპერატორები იმას ვამბობთ, რომ ყველამ უნდა გადაიხადოს გადასახადები, თუმცა რატომღაც რუსებს ეს არ ეხებათ და ქვეყანაში ძალიან თავისუფლად გადაადგილდებიან. პირველი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ყველა უნდა დაემორჩილოს კანონს. რუსებს  იჯარით აქვთ აღებული თავიანთი სასტუმროები. რაღაც ფართები იქირავებს და სასტუმროები გააკეთეს და ა.შ. ასეთი შემთხვევა იყო დედაქალაქშიც, შავი ზღვის სანაპიროზეც. მე პირადად ციხისძირშიც მაქვს ნანახი, რომ ბანაკები შემოღობეს, ბარები გახსნეს და ისევ რუსებს ემსახურებოდნენ. იგივე  ხდება ირანელების შემთხვევაშიც, ასე აკეთებენ ბიზნესს ირანელები ეს ყველაფერი კი საბოლოო ჯამში ქართულ ბიზნესს ანგრევს იმიტომ, რომ არავის აღარ მოუნდება ნორმალური ქვეყნიდან ინვესტიციის, მცირე იქნება ეს საშუალო თუ დიდი განხორციელება. როდესაც ქვეყანაში ქაოსია ის ქვეყნად ნაკლებად მიმზიდველი ხდება“, - აღნიშნა ია თაბაგარმა.

კითხვაზე თუ რა უნდა  გაკეთდეს იმისთვის, რომ რომ ქაოსური სიტუაცია არ იყოს, ია თაბაგარი ამბობს, რომ კანონი უნდა  დაიცვას ყველამ, უნდა დაწესდეს სავიზო რეჟიმი და ტურისტული ნაკადების მართვა და კონტროლი  უნდა ხდებოდეს.

„პირველ რიგში ვართ სახელმწიფო და კანონი უნდა დავიცვათ ყველამ. ზუსტად იმისთვის, რომ არ იყოს ქაოსი უნდა შეიძლებოდეს ტურისტული ნაკადების მონიტორინგი. სწორედ ამიტომ არის საჭირო კანონის და რეგულაციების დაცვა, სავიზო რეჟიმის აუცილებლად დაწესება და როგორც რუსებისთვის ისე ირანელებისთვის ქვეყანაში ყოფნის პერიოდის  შეზღუდვა.

ჩვენ ინვესტიციებს არ ვებრძვით, მაგრამ  ამ ინვესტიციამ ისე  არ უნდა ქნას, რომ ადგილობრივ  ინვესტიციას  ხელი  შეუშალოს, მაგრამ იურიდიული თვალსაზრისით  იმდენი გასაძრომი არსებობს, რომ როდესაც ასეთი შემოდინება ხდება და  ის ახალ გამომცხვარი  კომპანიები, რომლებსაც  არაფერი გაუკეთებიათ.  არსებული ბაზრის კონკურენტები ხდებიან. მე კონკურენციის წინააღმდეგი არ ვარ.  ჯანსაღი კონკურენცია კარგიც არის“, - აღნიშნა  ია  თაბაგარმა.

თაბაგარის თქმით, საქართველოში წელს ბევრი გერმანელი ჭარბობდა, გარდა ამისა  იყვნენ ამერიკელი ტურისტებიც და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებიც. 

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.