მთავრობა გუდაურის თანამედროვე კურორტად ქცევას გეგმავს. პრემიერი კურორტის 3-ჯერ გაზრდას აანონსებს და განმარტავს, რომ უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნის სწორ სივრცით განვითარებას, უნდა არსებობდეს საცხოვრებელი ზონა, საჭირო რაოდენობით პარკინგი, საფეხმავლო ზონები, სავაჭრო-გასართობი სივრცეები.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, კურორტის გეგმის შესაბამისად განვითარება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ 2023 წელს საქართველო, კერძოდ გუდაური და ბაკურიანი თხილამურითა და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს.
გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე 6 გეგმარებითი არეალის განაშენიანების რეგულირების გეგმა უკვე დამტკიცებულია და მოიცავს რამდენიმე ფუნქციურ ზონას, მათ შორის სამრეწველო, ლანდშაფტურ-სარეკრეაციო, სატრანსპორტო და სხვა მნიშვნელოვან ზონებს.
გუდაური სარეკრეაციო ტერიტორიაზე განაშენიანების კუთხით სამ ძირითად ტერიტორიად იყოფა, ცენტრალური გუდაური; ახალი გუდაური, რომელიც იქნება კურორტის მთავარი საფეხმავლო ცენტრი და საკურორტო დასახლების შენობების პირველ სართულებზე განთავსდება ტურისტული ინფრასტრუქტურა; კობი-გუდაურის საბაზო არეალი, რომელიც გააუმჯობესებს წვდომას გუდაურის სათხილამურო არეალთან.
გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ცნობილმა კანადურმა კომპანია ECOSIGN-მა დაამუშავა.
პროექტით დაგეგმილია საბაგირო გზებისა და სათხილამურო ტრასების მშენებლობა, 18 ძირითადი საბაგირო გზის მოწყობა, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას მგზავრთა გადასაყვანად მთის მაღლობებზე ღირშესანიშნავი ადგილების დასათვალიერებლად როგორც ზამთრის, ასევე ზაფხულის პერიოდში.
სამთო-სათხილამურო კურორტის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა წარმოადგენს კურორტზე არსებული საკუთრებებისა და მიმდებარე ტერიტორიების განვითარების გრძელვადიან ხედვას, სადაც გუდაური მოიაზრება მთელი წლის განმავლობაში აქტიურ, განვითარებულ, რეგიონული დანიშნულების კურორტად.
მთავრობამ ასევე დაამტკიცა ,,მთის კურორტების განვითარების კომპანიის" მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები, რომლის ფარგლებში გუდაურში რამდენიმე საბაგიროს რეკონსტრუქცია, 3 ახალი საბაგიროს აშენება და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება. განხორციელდება კურორტ გუდაურის გათოვლიანების სისტემით აღჭურვის მე-2 ფაზა.
მთავრობაში იმედოვნებენ, რომ აღნიშნული ღონისძიებები სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურს უფრო მიმზიდველს გახდის ადგილობრივი და უცხოელი დამსვენებლებისა და ინვესტორებისთვის, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას და ინვესტიციების ზრდას.
www.travelingeorgia.ge