როგორი იქნება ლიკანის ისტორიული პარკი და რომანოვების სასახლე რეაბილიტაციის შემდეგ
ლიკანში ისტორიული პარკის არქიტექტურული კომპლექსის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება იწყება.
პროექტი „საპარტნიორო ფონდისა“ და მისი შვილობილი კომპანია „ლიკანი რეზიდენსის“ დაფინანსებითა და ორგანიზებით განხორციელდება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს აქტიური მონაწილეობის საფუძველზე პარკის ტერიტორიაზე არსებულ XIX საუკუნის (1892-1895 წწ) ისტორიულ შენობა-ნაგებობებს სრულმასშტაბიანი რესტავრაცია ჩაუტარდებათ.
ავთენტურ იერსახეს დაიბრუნებს ნიკოლოზ რომანოვის სასახლე, ყოფილი სამთავრობო რეზიდენცია და ორანჟერეა. ისტორიული სასახლის სივრცე მუზეუმო ექსპოზიციას დაეთმობა, სადაც რესტავრირებული ნივთები და სხვა კულტურული ფასეულობები გამოიფინება. დენდროლოგიური გეგმის მიხედვით მოეწყობა ისტორიული პარკი, სადაც ვიზიტორთა ცენტრი, ადმინისტრაციული შენობები და საფეხმავლო ხიდი განთავსდება. ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ ლიკანის ისტორიული კომპლექსი საზოგადოებრივ სივრცედ იქცევა.
ლიკანის ისტორიული კომპლექსის რეაბილიტაცია და მისი საზოგადოებრივ სივრცედ გარდაქმნის პროცესი მნიშვნელოვანი ნაწილია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დიდი პროექტისა, რაც ბორჯომის სამუზეუმო ქალაქად ქცევის იდეას მოიცავს. პროექტი ბორჯომში ხუთ მუზეუმსა და ერთი საიტ-ატრაქციას გააერთიანებს. საშუალოვადიან პერსპექტივაში საკურორტო ქალაქის კულტურული ცხოვრების ნაწილი გახდება ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, კავალერიის კორპუსი - როგორც დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმი, ლიკანის სასახლე და პარკი, მინერალური წყლის პარკის ჰიდროელექტროსადგური - როგორც ინდუსტრიული მუზეუმისა და მინერალური წყლის “ბორჯომის“ საექსპორტო შენობა - რომელიც რეაბილიტაციისა და სამუზეუმო ადაპტაციის შემდეგ „ბორჯომი“-ს წარმოების ისტორიას დაეთმობა. სამუზეუმო ქალაქის იდეის თანმიმდევრული განვითარების პროცესში საპარტნიორო ფონდთან და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსთან ერთად მუნიციპალური განვითარების ფონდი და საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდიც მონაწილეობს.
www.travelingeorgia.ge