მცხეთის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასა და მის თანმდევ დოკუმენტაციაზე ამხანაგობა „აქოლისი“ მუშაობს, რომელიც თავის მხრივ, სხვადასხვა დარგობრივ ორგანიზაციებს აერთიანებს.
სწორედ „აქოლისმა“ გაიმარჯვა მუნიციპალური განვითარების მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომლის ღირებულება 1 მილიონ 800 ათასი ლარია.
როგორც „აქოლისის“ თავმჯდომარემ აკაკი ზერეკიძემ BM.GE-თან განაცხადა, ქალაქმგეგმარებლების მთავარი პრინციპი ერთი მხრივ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და მეორე მხრივ, მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებაა. რა ადგილი აქვს ამ ორ ინტერესს შორის ეკონომიკურ განვითარებას? – ამ თვალსაზრისით, აკაკი ზერეკიძე განსაკუთრებულ ყურადღებას ტურიზმს უთმობს და აღნიშნავს, რომ სასტუმროების ქსელი მცხეთაში კარგად განვითარებული არ არის, ისევე როგორც სარეკრეაციო სივრცეები, რასაც ახალი გენგეგმის კონცეფციაში ყურადღება დაეთმობა.
„ეკონომიკური მიმართულებით ეს პროექტი გარკვეულ ღონისძიებებს ითვალისწინებს. ჩვენ გვეყოლება ბევრად უფრო მეტი ვიზიტორი, ვიდრე დღეს მცხეთაშია. კონცეფცია ჯერ ჩამოყალიბებული არ არის, მსჯელობა მიდის, მცხეთა უნდა იყოს მაგალითად, ისეთი ქალაქი, სადაც სასტუმროები იქნება, გრძელვადიანად ჩამოვა ხალხი და დაისვენებს, თუ ეს უნდა იყოს თბილისთან ახლოს ადგილი, როგორიც დღეს არის. ნებისმიერი ვიზიტორი, რომელიც დღეს ჩამოდის და საქართველოს ტურისტული კუთხით უყურებს, არ არსებობს, რომ მცხეთაში არ ჩავიდეს, თუმცა ეს ვიზიტი ერთი, ან მაქსიმუმ ორი დღე გრძელდება. პირდაპირ ვიტყვი, რომ არც სასტუმროების დიდი ქსელი არ არსებობს. ეს კონცეფცია ჩაბარებული გავქვს, შიდა განხილვები მიდის და ეს პირველი ეტაპი დამკვეთის მიერ როცა იქნება მოწონებული, შემდეგ საჯაროდ დაიდება“, – განმარტა აკაკი ზერეკიძემ.
აქვე აკაკი ზერეკიძე აღნიშნავს, რომ მცხეთაში მომლოცველობითი ტურიზმიც უნდა განვითარდეს, რისი მაგალითიც იერუსალიმშია.
„პილიგრიმული, მომლოცველობით მარშრუტები არსებობს მცხეთაში. მოგეხსენებათ, რომ ტოპონიმიკით მცხეთა იერუსალიმის მსგავსად არის აგებული. არსებობს ასეთი ხედვაც, თუმცა ეს ჯერჯერობით მხოლოდ ხედვაა და ამაზე დეტალურად ვერაფერს ვიტყვით, სანამ პროექტი არ დასრულდება“, – განაცხადა „აქოლისის“ თავმჯდომარემ.
გარდა ტურიზმისა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმარულება, რაც მცხეთის გენგეგმის კონცეფციაში იქნება მოცემული, აკაკი ზერეკიძის ინფორმაციით, რეკრეაციულ არეალებს შეეხება.
„ეს არის აგრომელაციური მნიშვნელობის სარეკრეაციო სივრცეები. მცხეთის აგლომერაციაში იგულისხმება თბილისი, რუსთავი, გარდაბანი – ამ არეალში ურბანიზებულია ფაქტობრივად მთელი გარემო, არ გვხვდება სივრცე, სადაც შესაძლებელია ფესტივალების გამართვა, სადაც შეიძლება საპიკნიკე ან ოჯახების დასასვენებელი სივრცეების მოწყობა. ასეთი სივრცის პოტენციალია“, – აღნიშნა მან.
რაც შეეხება ქალაქის სატრანსპორტო სისტემას, გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფს მიაჩნია, რომ საჭიროა მცხეთის აგლომერაციაში შემავალი ქალაქების ერთმანეთთან დაკავშირება.
„ახლა მცხეთაში თბილისიდან რომ მოხვდეთ, ან პირადი ავტომობილი უნდა გყავდეთ, ან სამარშრუტო ხაზი, ან მატარებელი. იდეა არის, რაც კონცეპტუალურ დონეზე შეიძლება იყოს მოცემული, რომ განვითარდეს მიწისზედა ტრანსპორტი, რომლის დეტალურ მონაცემებზე ვერ გეტყვით, მაგრამ ეს იქნება თანამედროვე ხედვით, ეკოლოგიურად სუფთა და აგლომერაციის ფარგლებში ქალაქების დამაკავშირებელი“, – განმარტა აკაკი ზერეკიძემ.
აღსანიშნავია, რომ გენერალური გეგმა მცხეთის განვითარებას 10-წლიან პერსპექტივაში უყურებს, ამიტომ როგორც აკაკი ზერეკიძე განმარტავს, კონცეფციაში, რომელსაც ის საჯარო განხილვისთვის წარმოადგენს, ქალაქზე საუბარი აწმყო დროში იქნება. მაგალითად, დოკუმენტში ათი წლით ადრე წავიკითხავთ, როგორი სატრანსპორტო ქსელი ან ტურისტული ინფრასტრუქტურა იქნება 2030 წელს.
„ჩვენ შევეცდებით, რომ 2030 წელს მოწესრიგებული იყოს ინფრასტრუქტურა, მათ შორის ძეგლების გარშემო, რომ სწორად მოიაროს ტურისტმა ქალაქი, იყოს გამწვანებული სივრცეები“, – აღნიშნა აკაკი ზერეკიძემ და დასძინა, რომ ამ მიზნების მიღწევა მოსახლეობის ინტერესებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვით უნდა მოხდეს.