ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
როგორი იქნება რეაბილიტაციის შემდეგ სურამში ლესია უკრაინკას სახლ-მუზეუმი
04 მარტი, 2021

სურამში ცნობილი უკრაინელი პოეტისა და მწერლის - ლესია უკრაინკას სახლ-მუზეუმის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციის პროცესი იწყება. პროექტი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით და დაფინანსებით განხორციელდება.

სარეაბილიტაციო პროექტის პირველი ეტაპი სამუზეუმო სივრცის დემონტაჟს მოიცავს, რომლის განხორციელება უახლოეს დღეებში, ტენდერის გზით შემრულებელი კომპანიის გამოვლენის შემდეგ დაიწყება.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, არსებული ნაგებობის სრული დეგრადირება მეწყრულმა პროცესებმა გამოიწვია, რის შედეგად გადაწყდა მისი დაშლა და ხელახლა აგება. გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე მომზადებული არქიტექტურული პროექტის თანახმად, რომელიც სააგენტოს დაკვეთით კომპანია „არტ-ბილდინგმა“ შეასრულა, აუთენტური ფორმით აშენდება ახალი სამუზეუმო შენობა.

რეკონსტრუქციის შედეგად განახლდება სახლ-მუზეუმის ეზოს ინფრასტრუქტურა. თანამედროვე სტანდარტებით მოეწყობა სამუზეუმო სივრცე, რომელიც ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის. განახლდება მუზეუმის გალავანი და მისი ყველა ელემენტი. საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად, მოეწყობა ფონდსაცავები.

სამუზეუმო ექსპოზიცია სახლ-მუზეუმის თანამედოვე მუზეოგრაფიის კონცეფციას დაექვემდებარება, რაც მას მეტ შინაარსობრივ დატვირთვას შესძენს. სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია 2021 წელს დასრულდება.

სარეაბილიტაციო პროცესის მოსამზადებელ ეტაპზე, პროექტის პარტნიორის - ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სამუზეუმო ექსპონატები დროებით დაცულ სივრცეში განთავსდა და ისინი ისტორიულ სივრცეს რეკონსრუქციის დასრულების შემდეგ დაუბრუნდებიან.

მემორიალური სახლის აღდგენისა და სამუზეუმო მოწყობის ინიციატივა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, საქართველოში უკრაინის სრულუფლებიან ელჩს იგორ დოლგოვს ეკუთვნის, რომელიც სარეაბილიტაციო პროცესში აქტიურადაა ჩართული.

ლესია უკრაინკას მემორიალური მუზეუმი ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში, სურამელი აზნაურის, ცნობილი ეთნოგრაფის ნიკოლოზ აბაზაძის XIX საუკუნის სახლშია გახსნილი. მუზეუმის ფონდებში დაცულია ლესია უკრაინკას ცხოვრებასა და შემოქმედებასთან დაკავშირებული მასალები: პოეტის კრებულები, ხელნაწერები, სხვადასხავა ხასიათის დოკუმენტები, სახვითი ხელოვნების ნიმუშები, ნუმიზმატიკური, ფოტო და ეთნოგრაფიული მასალა. მუზეუმის გახსნის ინიციატორი მწერალი გიორგი ლეონიძე იყო.

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.