ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
“როგორი მდგომარეობაა ტურისტული სეზონის თვალსაზრისით ქობულეთში, ეს კითხვა სასაცილოა”
07 აგვისტო, 2019

“როგორი მდგომარეობაა ტურისტული სეზონის თვალსაზრისით ქობულეთში? ამ კითხვის დასმა სასაცილოა, რადგან საქართველოში ტურისტული ბიზნესი საერთოდ ჩავარდა და არ არსებობს”, – ასე აფასებ BM.GE-სთან საუბრისას ქობულეთში მდებარე მცირე სასტუმრო “სავანეს” მფლობელი თამილა ანთიძე რუსეთის მიერ დაწესებული ტურისტული ემბარგოს შემდგომ ზღვისპირა რეგიონში არსებულ ვითარებას.

როგორც ანთიძე განმარტავს, მისი სასტუმრო ქართველებთან ერთად ძირითადად რუსულენოვან ტურისტებზე იყო გათვლილი და სეზონზე მათი მხრიდან დატვირთულობა 100%-იანი იყო.

“რუსეთი, უკრაინა და ბელარუსი – ეს იმ ძირითადი ქვეყნების ჩამონათვალია, რომლებიც ჩემს სასტუმროში ჩამოდიოდნენ. ევროპელი ტურისტებიც მყავდა, თუმცა მაქსიმალური, 100%-იანი დატვირთვა სწორედ რუს ტურისტებზე მოდიოდა.

55%-იანი ფასდაკლება გავაკეთე ქართველ მომხმარებელზე და ბოლო ერთი კვირაა, რაც სასტუმრომ დატვირთვა დაიწყო, ივლისის თვეში და აგვისტოს დასაწყისი ტურისტი არ მყოლია. ამჟამად სასტუმროში დატვირთულობა 60-70%-ია”, – განაცხადა თამილა ანთიძემ.

მისივე განმარტებით, ოჯახს რამდენიმე წელია გრძელვადიანი კრედიტი დოლარში აქვს აღებული და მას ამ დრომდე უპრობლემოდ იხდიდა, თუმცა რამდენიმე დღის განმავლობაში გაუფასურებულმა ლარმა ბიზნესს პრობლემები შეუქმნა. მისივე თქმით, ლარის კურსის გაუფასურება პროდუქციის გაძვირებაზეც აისახა.

“კრედიტის გადახდას ორ წელში ვასრულებდით, თუმცა ახლა პრობლემები შეგვექმნა. ბანკმა გვითხრა, რომ როგორც საპატიო წევრებს, გადახდას გადაგვივადებდა, თუმცა ეს თანხა მაინც ჩვენი გადასახდელია და შემდეგომ პროცენტები მოგვემატებოდა.

გარდა ამისა, ჩვენს მომსახურებაში საუზმე შედის. პროდუქცია გაძვირდა და ეს ჩვენზე აისახა. პრაქტიკულად სასტუმროს მოგება არ რჩება”, – განმარტა “სავანეს” დამფუძნებელმა.

bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.