როგორია საქართველოს მთავრობის პოზიცია რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით
როგორია საქართველოს მთავრობის პოზიცია რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით - ამ საკითხზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
„საკითხთან დაკავშირებით არსებობს ბევრი ტექნიკური საკითხი, სირთულე და გამოწვევა. ეს არ არის ცალმხრივად გადასაწყვეტი საკითხი, თუმცა, ოფიციალურად, ჩვენ ჯერჯერობით, არ გვაქვს ასეთი მომართვა. სხვადასხვა საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციებიდან არსებობს შეზღუდვა რუსულ ავიაკომპანიებთან მიმართებაში, ამიტომ ეს საკითხი ასე მარტივად ვერ გადაწყდება,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
საქართველოსთან პირდაპირი ავიარეისების აღდგენის საკითხი რუსულ მედიაში გააქტიურდა. თემას გამოეხმაურა რუსეთის საგარეო უწყებაც. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების შეჩერება დროებითია და საჰაერო მიმოსვლა იმ პირობით აღდგება, თუ საქართველოში სიტუაცია დასტაბილურდება, ქვეყანაში რუსოფობიური კამპანია შეწყდება და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები საქართველოში უსაფრთხოდ და დაცულად იგრძნობენ თავს.
commersant.ge