ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
როგორია წითელი ოქროს - შაფრანის ქართული ისტორია
06 დეკემბერი, 2021

"საქართველოში ნელ-ნელა მცენარის მიმართ ცნობადობა და შესაბამისად, ინტერესიც იზრდება, მაგრამ მისი მაღალი ფასის გამო, რეალიზაცია მაინც ძალიან ჭირს“ - ამის შესახებ  მერაბ ინასარიძემ განაცხადა, რომელსაც საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფელში, მსოფლიოში ყველაზე ძვირი სანელებელი წლებია რაც მოჰყავს.

მისი თქმით, ნათესი ფართობის ზრდის შემდეგ, მაქსიმუმ 3 კგ მოსავალს ელოდება.

„უკვე მეშვიდე წელია, რაც შაფრანი მომყავს. წელს, ნათესები 1 500 კვადრატული მეტრიდან 5 000 კვადრატულ მეტრამდე გავზარდე, თუმცა პროპორციულად არ ველოდები მოსავლიანობის ზრდას, რადგან ბოლქვის გაყოფის (გამრავლებისას) მცენარე პირველ წელს შეიძლება ითქვას შეშინებულია და ნაკლებ ნაყოფიერი. როცა ეს პერიოდი გადაივლის, ამის შემდეგ 3 კილოგრამზე მეტ მოსავალს ველოდები. 1 ჰექტარზე მაქსიმალური ალბათ, 10 კილოგრამია, ისიც სადაც მოვლა და მოყვანა კარგად იციან და პრაქტიკა აქვთ.

რაც შეეხება რეალიზაციას, შაფრანს ვყიდი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთაც. საქართველოში ნელ-ნელა მცენარის მიმართ ცნობადობა და შესაბამისად, ინტერესიც იზრდება, მაგრამ მისი მაღალი ფასის გამო, რეალიზაცია მაინც ძალიან ჭირს. თუ მიაქვთ, ძალიან მცირე რაოდენობით. წელს, მაგალითად, 20 გრამამდე სანალებელი გორის ეპარქიამ შეისყიდა, დაახლოებით ამ რაოდენობით ყიდულობენ რესტორნები და ჩაის სახლებიც. გრამს ქვეყნის შიგნით 20 ლარად ვყიდი, თუ დიდი ოდენობით პროდუქციას შეიძენს ვინმე 15 ლარადაც, მაგრამ ძირითადად მაინც ვგზავნი და ჩემი მეგობარი ახდენს რეალიზაციას გერმანიასა და შვეიცარიაში. ასე გავაკეთე წელსაც, მაგრამ მცირე რაოდენობით ისევ მაქვს დარჩენილი“- განაცხადა მერაბ ინასარიძემ.

ცნობისთვის, შაფრანი ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი საკვები ინგრედიენტია მსოფლიოში. მას წითელი ოქროსაც უწოდებენ.

წითელ ოქროდ წოდებული არომატული სუნელი ძირითადად ირანში მოჰყავთ. მსოფლიო ბაზრებზე ერთი კილოგრამის შაფრანის ფასი დაახლოებით 3 500 აშშ დოლარიდან იწყება და 10 000 დოლარს აღწევს.

bpn.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.