ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„რომანოვების სასახლის“ პროექტირება გაზაფხულიდან დაიწყება
30 ნოემბერი, 2017

„რომანოვების სასახლის“ პროექტირება გაზაფხულიდან დაიწყება - ამის შესახებ ობიექტის მმართველმა, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ „კომერსანტს განუცხადა. მისი თქმით, „რომანოვების სასახლის“ პროექტისთვის ტენდერიის საფუძველზე სამი კომპანია გამოვლინდა. აქედან ერთი შენობის რესტავრაციას ჩაატარებს, მეორე - მუზეუმოგრაფიას, მესამე - პარკის ტერიტორიის.

„ამ ეტაპზე სამივე კომპანია დეტალურ ბიზნესგეგმას ამუშავებს. ფინანსურ დაანგარიშებას აკეთებენ. გაზაფხულზე პროექტის საბოლოო ვარიანტი გვექნება. აქვე გეტყვით იმას, რომ აღნიშნული პროექტის დამუშავება საკმაოდ რთული პროცედურაა. ყველა შტრიხი საარქივო მასალებთან მუშაობის შედეგადად უნდა დადგინდეს. გაზაფხულზე მათი პროექტები და ფინანსური ბიუჯეტის განხილვა მოხდება და შემდეგ უკვე დამტკიცდება. ასე რომ, გაზაფხულიდან პრიექტირების პროცესიც დაიწყება“-აცხადებს საგანელიძე.

როგორც ცნობილია, მთავრობის განკარგულებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ბორჯომ-ლიკანის ყოფილი სამთავრობო რეზიდენცია, ე.წ. „რომანოვების სასახლე სამართავად საპარტნიორო ფონდს 2016 წლის გაზაფხულზე გადასცა.

დავით საგანელიძემ „კომერსანტს 2017 წლის მაისში განუცხადა, რომ საპარტნიორო ფონდმა კულტურის სამინისტროს ძეგლთა დაცვის სააგენტოსთან ერთად გამოაცხადა ტენდერი, სადაც მონაწილეობა 10-ზე მეტმა კომპანიამ მიიღო. შედეგად, შეირჩა 3 კომპანია (ICOMOS-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი -ICOMOS Georgia, შპს არქიტექტორები.ჯი2, ააიპ საქართველოს მემკვიდრეობა') რომლის გაერთიანების შედეგადაც ჩამოყალიბებული კონსორციუმი ობიექტის რესტავრაციას განახორციელებს.

მაშინ საგანელიძე აცხადებდა, რომ ობიექტის რესტავრაცია რამდენიმე ნაწილისგან შედგება, მათ შორისაა, შენობის და ბაღის რესტავრაცია. ამბობდა, რომ 20 სექტემბერს ყველა კომპანია წარადგენდა პროექტს თავისი ბიუჯეტით, შემდეგ ეს დამტკიცდება მთავრობაზე და უკვე სამშენებლო სამუშოები მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაიწყებოდა.

როგორც ცნობილია, „რომანოვების სასახლის პროექტირებაზე დაახლოებით 600 000-800 000 ლარი დაიხარჯა. საგანელიძე ამავე პერიოდში „კომერსანტთან“ აცხადებდა, რომ „რომანოვების სასახლე ტურისტებს 2019 წლის ბოლოდან მიიღებდა.

„ფონდი „რომანოვების სასახლის“ და ზოგადად, ლიკანის ტერიტორიის რესტავრირებას გეგმავს. აღსადგენია აუზები, შადრევნები, კიბეები, გალავანი. ძალიან ბევრი ქანდაკება დაკარგულია, ზოგიც სხვადასხვა მუზეუმშია გაბნეული. თვითონ შენობა საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია. შესაბამისად, ობიექტის აღდგენაში ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო რესტავრატორები უნდა ჩავრთოთ“ — აცხადებდა რამდენიმე თვის წინ საგანელიძე .

„ყოფილი სამთავრობო რეზიდენციისა და 7 ჰა მიწის ფართზე არსებული პარკის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით საპარტნიორო ფონდი დააფინანსებს. პროექტზე ამ დროისთვის დარგის სპეციალისტები მუშაობენ. რომანოვების სასახლის რესტავრაციის შემდეგ დაცული იქნება ობიექტის ძეგლის სტატუსი და შენარჩუნდება მისი ავთენტურობა. სასახლეში მოეწყობა მუზეუმი, სადაც განთავსდება კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსის მქონე რესტავრირებული ნივთები, გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები და კულტურული ფასეულობები. „რომანოვების სასახლე საქართველოში უცხოელი ვიზიტორებისთვის მიმზიდველი ადგილი გახდება, რაც სასტუმრო კომპლექს „რიქსოს ბორჯომის საერთშორისო მნიშვნელობას კიდევ უფრო გაზდის. აღდგენილი რომანოვების სასახლე რეგიონში უამრავ ტურისტს მოიზიდავს.-აცხადებდა საგანელიძე.

ცნობილია, რომ რეზიდენცია 2015 წელს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში შედიოდა, მაგრამ მოგვიანებით ის გასაყიდი ობიექტების სიიდან ამოიღეს. 2005 წლიდან რომანოვების სასახლეს საზაფხულო რეზიდენციად ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყენებდა.

ასევე ცნობილია, რომ საპარტნიორო ფონდი „ყაზმუნაი გაზთან“ იმავე ტერიტორიაზე ხუთვარსკვლავიან „რიქსოსის“ სასტუმროს ფლობს. საპარტნიორო ფონდს ობიექტი 25-წლიანი მართვის უფლებით გადაეცა.

ავტორი: თეონა კენჭიაშვილი

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.