„რომანოვების სასახლის" რეაბილიტაცია სავარაუდოდ, სექტემბრიდან დაიწყება. ამის შესახებ ობიექტის მმართველმა, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ „კომერსანტს" ექსკლუზიურად განუცხადა. როგორც ცნობილია, მთავრობის განკარგულებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ბორჯომ-ლიკანის ყოფილი სამთავრობო რეზიდენცია, ე.წ. „რომანოვების სასახლე" სამართავად საპარტნიორო ფონდს 2016 წლის გაზაფხულზე გადასცა.
მისი განცხადებით, საპარტნიორო ფონდმა კულტურის სამინისტროს ძეგლთა დაცვის სააგენტოსთან ერთად გამოაცხადა ტენდერი, სადაც მონაწილეობა 10-ზე მეტმა კომპანიამ მიიღო. შედეგად, შეირჩა 3 კომპანია (ICOMOS-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი -ICOMOS Georgia, შპს არქიტექტორები.ჯი2, ააიპ "საქართველოს მემკვიდრეობა"') რომლის გაერთიანების შედეგადაც ჩამოყალიბებული კონსორციუმი ობიექტის რესტავრაციას განახორციელებს.
საგანელიძის განცხადებით, ობიექტის რესტავრაცია რამდენიმე ნაწილისგან შედგება, მათ შორისაა, შენობის და ბაღის რესტავრაცია. მისი მტკიცებით, 20 სექტემბერს ყველა კომპანია წარადგენს პროექტს თავისი ბიუჯეტით, შემდეგ ეს დამტკიცდება მთავრობაზე და უკვე სამშენებლო სამუშოები დაიწყება.
მისი განცხადებით, „რომანოვების სასახლის" პროექტირებაზე დაახლოებით 600 000-800 000 ლარი დაიხარჯა. საგანელიძის მტკიცებით, „რომანოვების სასახლე" ტურისტებს 2019 წლის ბოლოდან მიიღებს.
„ფონდი „რომანოვების სასახლის" და ზოგადად, ლიკანის ტერიტორიის რესტავრირებას გეგმავს. აღსადგენია აუზები, შადრევნები, კიბეები, გალავანი. ძალიან ბევრი ქანდაკება დაკარგულია, ზოგიც სხვადასხვა მუზეუმშია გაბნეული. თვითონ შენობა საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია. შესაბამისად, ობიექტის აღდგენაში ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო რესტავრატორები უნდა ჩავრთოთ"-აცხადებდა რამდენიმე თის წინ საგანელიძე .
„ყოფილი სამთავრობო რეზიდენციისა და 7 ჰა მიწის ფართზე არსებული პარკის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით საპარტნიორო ფონდი დააფინანსებს. პროექტზე ამ დროისთვის დარგის სპეციალისტები მუშაობენ. რომანოვების სასახლის რესტავრაციის შემდეგ დაცული იქნება ობიექტის ძეგლის სტატუსი და შენარჩუნდება მისი ავთენტურობა. სასახლეში მოეწყობა მუზეუმი, სადაც განთავსდება კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსის მქონე რესტავრირებული ნივთები, გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები და კულტურული ფასეულობები. „რომანოვების სასახლე საქართველოში უცხოელი ვიზიტორებისთვის მიმზიდველი ადგილი გახდება, რაც სასტუმრო კომპლექს „რიქსოს ბორჯომის" საერთშორისო მნიშვნელობას კიდევ უფრო გაზდის. აღდგენილი რომანოვების სასახლე რეგიონში უამრავ ტურისტს მოიზიდავს."-აცხადებდა საგანელიძე.
ცნობილია, რომ რეზიდენცია 2015 წელს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში შედიოდა, მაგრამ მოგვიანებით ის გასაყიდი ობიექტების სიიდან ამოიღეს. 2005 წლიდან რომანოვების სასახლეს საზაფხულო რეზიდენციად ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყენებდა.
ასევე ცნობილია, რომ საპარტნიორო ფონდი „ყაზმუნაი გაზთან" იმავე ტერიტორიაზე ხუთვარსკვლავიან „რიქსოსის" სასტუმროს ფლობს. საპარტნიორო ფონდს ობიექტი 25-წლიანი მართვის უფლებით გადაეცა.
ავტორ(ებ)ი: სოფო ქსოვრელი, გოგა ქუცნიაშვილი
commersant.ge