„რომელ კლიენტებზე და რომელ მარკეტინგულ აქტივობებზეა საუბარი, როცა თვითგადარჩენისთვის ვიბრძვით?“ - ვიკა შარია (ტურისტული კომპანია ODA DMC)
რადიო „კომერსანტის“ ეთერში ტურისტული კომპანია ODA DMC დამფუძნებელმა ვიკა შარიამ იმ პრობლემებზე ისაუბრა, რაც დღეს ტურისტული კომპანიების მუშაობას აფერხებს. მისი თქმით ერთ-ერთ მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორები - ქვეყანაში სტუმართან ურთიერთობის ერთიანი სტანდარტის არარსებობა, არასტაბილური ვალუტის კურსი და ეროვნულ და კომერციულ ბანკებს შორის კურსის სხვაობაა.
„როცა ლარში ვიხდი სასტუმროს ნომრის ფასს და მაღალბიუჯეტურ სეგმენტზე ვმუშაობ, ვალუტის არასტაბილურობის გამო, წარმოდგენა არა მაქვს როგორ დავთვალო ეს საფასური. ზაფხულიდან მოყოლებული იმ პრობლემას ვეჯახებით, მოგებაზე კი არა, ზოგჯერ მინუსში გავდივართ“, - ამბობს ვიკა შარია, „სამწუხაროდ, როცა სასტუმროები ინვოისს გვიგზავნიან და იმ დღის ეროვნული ვალუტის კურსით გვთხოვენ გადახდას, კომერციულ ბანკებს ვალუტის გაცვლის გაცილებით მაღალი კურსი აქვთ. ეს კატასტროფაა. ამ პირობებში ტურისტულმა კომპანიებმა როგორ უნდა იხადონ თანამშრომლების ხელფასები, როგორ უნდა გადადონ ბიუჯეტი მარკეტინგულ და განვითარების სტრატეგიაზე? რომელ კლიენტებზე და რომელ მარკეტინგულ აქტივობებზეა საუბარი, როცა თვითგადარჩენისთვის ვიბრძვით?“ - აცხადებს ვიკა შარია.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში სტუმართან ურთიერთობის ერთიანი მკაცრი სტანდარტი იყოს დანერგილი.
„სტუმარს არ უნდა ჰქონდეს სასტუმროს ღია ფასებთან წვდომა. ამისთვის უნდა ვიყოთ ჩვენ. ტურისტულ კომპანიებს შორის მნიშვნელოვანია არსებობდეს ფასის პარიტეტი და სასტუმროებისთვის აბსოლუტურ პრიორიტეტში ჩვენ უნდა ვიყოთ. იმიტომ რომ, როცა ტურიზმი აღდგება და ტურისტული კომპანიები დავდგებით ფეხზე, და ამისთვის ძალ-ღონეს არ ვიშურებთ, სასტუმროებს დავჭირდებით ჩვენ. ამ ეტაპზე სასტუმროებს არ ვჭირდებით, რადგან სასტუმროს ნომრები Booking-დან და სხვა ინტერნეტ-არხებით იყიდება. საქართველოში არ არსებობს ერთიანი მუშაობის სისტემა და სტანდარტები. აი, ამით უნდა დავიწყოთ“, - აცხადებს ვიკა შარია.
commersant.ge