წყალტუბოში მდებარე სანატორიუმ „მეშახტეში" საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს გასახსნელად მოლაპარაკებები გრძელდება. პროექტის ინვესტორი კომპანია „ქეი ბი ფი თბილისის" ხელმძღვანელი ზვიად ზვიადაძე რადიო „კომერსანტთან" საუბრისას აცხადებს,რომ სავარაუდოდ, აგვისტოში დასრულდება ბრენდებთან მოლაპარაკება. როგორც ცნობილია , განიხილება 4 საერთაშორისო ბრენდი, მათ შორის ერთ-ერთი Hilton-ია.
პარალელურ რეჟიმში ადგილზე სამშენებლო სამუშაოებიც მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით სასტუმრო 5-ვარსკვლავიანი იქნება, მასში 120 ნომერი განთავსდება. ინვესტიციის მოცულობა კი 40 მილიონი დოლარია. სამშენებლო სამუშაოები 2018 წელს უნდა დასრულდეს.
„ქეი ბი ფი თბილისმა" სანატორიუმი „მეშახტე" 2015 წელს პირდაპირი მიყიდვის წესით 2,5 მილიონ დოლარად შეიძინა.
სახელშეკრულებო პირობების მიხედვით, წყალტუბოში, რუსთაველის ქუჩა №13-ში მდებარე სანატორიუმში 3 წლის ვადაში არანაკლებ 100 ნომრიანი, 5 ვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო განთავსდება.
მთავრობამ კი ინვესტორის წინაშე გარკვეული ვალდებულება აიღო. კერძოდ მთავრობა ვალდებულია სასტუმროსათვის ბუნებრივი აირის მიწოდების მიზნით, სათანადო მოცულობის (წნევით ბუნებრივი აირის გატარების) მილის გაყვანა უზრუნველყოს, რისთვისაც ფული საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ბიუჯეტიდან დაიხარჯება.
commersant.ge