ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რომელი კომპანიები მიიღებენ სუბსიდიას - რთველი 2021-ზე ყურძნის რეკორდულ მოსავალს ელიან
23 აგვისტო, 2021

წლევანდელ რთველზე საქართველოში ყურძნის რეკორდულ მოსავალს ელიან. საპროგნოზო მაჩვენებელი 300 000 ტონაა.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამბობენ, 2021 წლის რთველის ორგანიზებულად ჩატარებისთვის, ყველა შესაბამისი რესურსი მობილიზებულია.

სამინისტროს ცნობით, ტექნიკურ მზადყოფნაშია რთველის აღრიცხვის ონლაინ-პროგრამა, რომელიც ქვეყანაში 2013 წლიდან მუშაობს და უზრუნველყოფს ყურძნის ჩაბარების პროცესის გამჭვირვალობას.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ოთარ შამუგიამ თელავში, საკოორდინაციო შტაბშიგამართულ შეხვედრაზე სუბსიდირების მიზანსა და პირობებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

მისი თქმით, პროგრამის განხორციელების მიზანია, პანდემიით გამოწვეული ვითარება უაროფითად არ აისახოს მევენახე ფერმერებსა და ღვინის მწარმოებლებზე და სრულად დაბინავდეს ყურძნის მოსავალი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მევენახეობა-მეღვინეობის დარგის სტაბილური განვითარების ბოლო წლების დინამიკა შევინარჩუნოთ“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

რთველი 2021-ის ფარგლებში, სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს და 1 კგ ყურძენში მევენახეს გადაუხდის არანაკლებ 0,90 ლარს.

რთველის საკოორდინაციო შტაბმა მუშაობა 24 საათიანი რეჟიმით უკვე დაიწყო.

ღვინის მწარმოებელ კომპანიებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ, როგორც საკოორდინაციო შტაბში, ისე ონლაინ-რეჟიმში.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 1501.

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.