ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რომელი ქვეყნების ვიზის მიღება უჭირთ ყველაზე მეტად საქართველოს მოქალაქეებს
29 ივლისი, 2019

„როგორც კი საქართველოს პასპორტს დაინახავენ, რაღაცაში უკვე ეჭვმიტანილი ხარ. მსგავსი შემთხვევები შეინიშნება უკვე იმ ქვეყნებშიც, სადაც უვიზო მიმოსვლა გვაქვს, მაგალითად ავსტრიასა და გერმანიაში. შენთან ერთად არიან ერაყიდან, თურქეთიდან, სირიიდან, თუმცა, ამ დროს შენი პასპორტის გამო შენ გამოგარჩევენ, რაც თავს დისკრიმინაციულად გაგრძნობინებს, – აცხადებს „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი კორნელი კაკაჩია ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრისას.

ამის მიზეზად კორნელი კაკაჩია ორ მთავარ პრობლემას ასახელებს: თავშესაფრის მოთხოვნასა და გაზრდილ კრიმინალს, სადაც „ქართველები გამოირჩევიან.

„ეს შეიძლება დავუკავშიროთ ორი პრობლემას; ერთი – უნებართვო დარჩენასა და თავშესაფრის პოვნას, მეორე – კრიმინალურ აქტივობას, სადაც ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში ქართველები გამოირჩევიან, თუმცა, უნდა ითქვას, რომ მხოლოდ ქართველები არ არიან. ეს კი საფრთხეს უქმნის ვიზალიბერალიზაციას, – აღნიშნა კაკაჩიამ.

უვიზოდ მოგზაურობა შესაძლებელია შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას მოიცავს: ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი და ჩეხეთი.

უვიზო მიმოსვლა ასევე შესაძლებელია ევროკავშირის არაწევრი შენგენის სივრცის 4 კანდიდატ ქვეყანასთან, ესენია: ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და შვეიცარია. ასევე, ევროკავშირის წევრი შენგენის კანდიდატ ქვეყნებთან: ბულგარეთი, კვიპროსი, რუმინეთი და ხორვატია.

თუმცა, გამონაკლისს წარმოადგენს ევროკავშირის 2 წევრი ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი და ირლანდია. ამ ქვეყნების ვიზის მისაღებად საქართველოს მოქალაქეებმა უნდა მიმართონ შესაბამის საკონსულო სამსახურებს.

კაკაჩიას თქმით, საზღვარგარეთ გამგზავრება მთელ რიგ პროცედურებს მოიცავს, რაც ასევე დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული:

„ირლანდიის, დიდ ბრიტანეთისა და ამერიკის ვიზის მიღება საკმაოდ რთულია, თუმცა აშშ-ს ვიზა თუკი ერთხელ მიიღე, 10-წლიანი პერიოდი გეძლევა. სირთულესთან ერთად, ეს დაკავშირებულია დიდ თანხებთანაც. ხშირ შემთხვევაში საკონსულო საქართველოში არ აქვთ, შესაბამისად საბუთები ბულგარეთში იგზავნება, რაშიც ასევე დიდი თანხა იხარჯება. გამგზავრების შემდეგ კი, მესაზღვრე ძალიან ცუდი თვალით გიყურებს. ისე შემოგხედავს, თითქოს კრიმინალში იყო ეჭვმიტანილი.

„მსგავსი რამ შეინიშნება უკვე იმ ქვეყნებშიც, სადაც უვიზო რეჟიმი გვაქვს, მაგალითად ავსტრიასა და გერმანიაში. ძირითადი აქცენტი ქუთაისის რეისზეა გაკეთებული. როგორც კი საქართველოს პასპორტს დაინახავენ, რაღაცაში უკვე ეჭვმიტანილი ხარ, მაგრამ რაში, არავინ იცის. მნიშვნელობა არ აქვს პროფესორი ხარ, თუ ვინ ხარ, ხშირ შემთხვევაში პოლიცია ცალკე გიბარებს.

„შენთან ერთად არის მთელი ერაყი, თურქეთიდან და სირიიდან მომავალი ხალხი, თუმცა, ამ დროს შენი პასპორტის გამო გამოგარჩევენ, რის შემდეგაც თავს დისკრიმინაციულად გრძნობ. ასეთი ტიპის პრობლემები უკვე საფრანგეთთანაც არსებობს.

ბრიტანეთის ვიზების მიღებაც შუამავალი კომპანიების მეშვეობით არის შესაძლებელი, სადაც ასევე დიდი თანხა უნდა გადაიხადო. ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის ეს ყველაფერი დამატებითი ხარჯებია. ხშირად ხდება, რომ დაბარებულ შეხვედრაზე თუნდაც 5 წუთითაც, რომ დააგვიანო, 50 ფუნტის გადახდა ცალკე გიწევს, – ამბობს კაკაჩია.

ასეთი კონტროლის მთავარ მიზეზად კაკაჩია თავშესაფრის მოთხოვნასა და გაზრდილ კრიმინალს ასახელებს, სადაც, მისი თქმით, ქართველები ჭარბობენ.

„ეს შეიძლება დავუკავშიროთ ორი პრობლემას; ერთი უნებართვო დარჩენასა და თავშესაფრის პოვნას, მეორე – კრიმინალურ აქტივობას, სადაც ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში ქართველები გამოირჩევიან, თუმცა, მხოლოდ ქართველები არ არიან. ეს კი საფრთხეს უქმნის ვიზალიბერალიზაციას.

„ეს ძირითადად ქუთაისის რეისს ეხება რატომღაც. არ ვიცი, რა ინფორმაციის წყარო აქვთ, რომ ცდილობენ ეს ხალხი უფრო კარგად შეამოწმონ, თუმცა, უნდა ითქვას, რომ თბილისიდან ჩასულ რეისებზეც არის ასეთი შემთხვევები, რადგან შეიძლება იყოს ხალხი, ვინც არ იცის სად და რაზე მიდის.

ცდილობენ, თავშესაფრის მთხოვნებელთა რიგს კიდევ სხვა ქართველები არ დაემატოს. ეს ასევე შეიძლება დავუკავშიროთ კრიმინალის გაზრდასაც, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ საზღვარგარეთ ყველა ქართველი სწორედ ამის გამო მიდის, – განაცხადა კორნელი კაკაჩიამ.

წყარო: რეზონანსი


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.