ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Rosbalt: აფხაზეთი - უსარგებლო და მძიმე ტვირთი რუსეთის კისერზე
06 ოქტომბერი, 2021

აფხაზეთის ე. წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია ძალიან მხიარული კაცია – ამბობს, რომ მას უყვარს ურთიერთობა ადამიანებთან, რომლებსაც კარგი იუმორის გრძნობა აქვთ.

ჟურნალისტები ამ კატეგორიაში არ შედიან, თუმცა, მათთვის პასუხების გაცემა მაინც უწევს - მათ შორის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხებზე. რამდენიმე დღის წინ ბჟანიამ პრეს-კონფერენცია გამართა, რომელზეც ყველაფერთან ერთად, ეკონომიკურ გეგმებზეც ისაუბრა.

ძირითადი პრიორიტეტები იგივეა, რაც ბოლო 30 წლის მანძილზე - აფხაზეთის აყვავება და წინსვლა რუსული ფინანსური დახმარების ხარჯზე. საუბარია მილიარდობით რუბლზე, რომლის ხარჯზეც, ფაქტობრივად, აფხაზეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი არსებობს.

ფული წვეთავს, თუმცა, მცირე ტურისტული ოაზისების გამოკლებით, რეგიონი კვლავ ნანგრევებშია და ეს მაშინ, როდესაც 2022-2023 წლებში მოსკოვი აფხაზეთისთვის ფინანსური დახმარების გაზრდას აპირებს - 2022 წელს რუსეთი სოხუმს 2021-თან შედარებით 410 მლნ.-ით, ხოლო 2023-ში - 401 მლნ რუბლით მეტს გამოყოფს.

გარდა ამისა, მოსკოვი აფხაზეთის მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევასაც აფინანსებს - 2022 წელს ამისთვის 402 მლნ, 2023-ში კი 418 მლნ რუბლი გამოიყოფა.

ისე, კაცმა რომ თქვას, აფხაზეთს, სსრკ-ის მთავარ კურორტს, დამოუკიდებლად ცხოვრების ყველანაირი საშუალება აქვს - საკმარისია მხოლოდ ტურიზმის და სოფლის მეურნეობის სრულფასოვანი განვითარება. თუმცა პანსიონატების, სანატორიუმების და ტურისტული ბაზების უდიდესი ნაწილი ომის შემდეგ დღესაც მიტოვებულია, ხოლო მძიმე კრიმინოგენური მდგომარეობა უკვე არსებულ ტურისტულ ნაკადსაც კი ემუქრება.

ასლან ბჟანიამ აღიარა, რომ კრიმინალის აღმოფხვრა მთლიანობაში ვერ მოხერხდა, თუმცა „მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ფაქტების შემცირების სერიოზული ტენდენცია დაფიქსირდა“.

აფხაზეთის განვითარებისთვის მთავარი შემაფერხებელი ფაქტორია ინვესტიციების თითქმის ნულოვანი მაჩვენებელი - არაღიარებულ რესპუბლიკაში არ შედიან არა მხოლოდ ევროპელი და თურქი ინვესტორები (რაც გასაგები იქნებოდა), არამედ რუსებიც კი.

ამის მიზეზია საკუთრების უფლების დაუცველობა და ისევ და ისევ კრიმინალი.

ეს მძიმედ აისახება, მაგალითად, ისეთ სტრატეგიულ დარგზე, როგორიც ენერგეტიკაა. რესპუბლიკას, რომელსაც უზარმაზარი ჰიდრორესურსები გააჩნია, თავისი ენერგომოხმარების საკითხი რუსეთის დახმარებითაც კი ვერ გადაწყვიტა.

ბჟანიას თქმით, ეს საკითხი „ეტაპობრივად, რუსი კოლეგების დახმარებით წყდება“, თუმცა, რეალურად ამ კუთხით არაფერი ხდება - „დიდი მოკავშირე“ ოკუპირებული აფხაზეთის არც გაზიფიცირებას, და არც მისი ენერგოსისტემის მოდერნიზებას არ ჩქარობს.

სხვათა შორის, ელექტროენერგია აფხაზეთში წარმოუდგენლად იაფია, მაგრამ ამ მცირე საფასურსაც კი არავინ იხდის. შედეგად, ოკუპირებული რეგიონი წლების მანძილზე პერმანენტულ ენერგოკრიზისში იმყოფება. ბჟანიას თქმით, ენერგოსისტემის მოწესრიგებას 20 მლრდ რუბლი სჭირდება. ისმის კითხვა - სად შეიძლება ამ თანხების მოძიება? პასუხიც ნათელია - მოსკოვში.

კრემლი აფხაზეთს ბევრ საჩუქრებს უკეთებს - მაგალითად, ბოლო პერიოდში აფხაზეთის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღების პროცედურა, რომელიც ისედაც მარტივი იყო, კიდევ უფრო გამარტივდა. და ეს მაშინ, როდესაც რუსებს აფხაზეთში უძრავი ქონების ყიდვა ოფიციალურად აკრძალული აქვთ.

კიდევ ერთი საჩუქარია ნავთობპროდუქტების შეღავათიან ფასებში მიწოდების კვოტის გაზრდა - 70 000 ტონა იაფი ბენზინი აფხაზეთს არ ეყო და მოსკოვი ნახევრად მუქთა საწვავის გაზრდას დაეთანხმა.

თუმცა, მოსკოვს სხვა გზა არა აქვს - აფხაზეთში ხომ რუსული სამხედრო ბაზებია განლაგებული. აფხაზებს ეს აწყობთ - მათ საქართველოსი ეშინიათ, თუმცა, მათ „რუსიფიკაციისაც“ არანაკლებად ეშინიათ. თანაც ისინი თვლიან, რომ რუსეთი ძუნწობს და მოსკოვმა ბაზების განლაგების უფლებისთვის ბევრად მეტი უნდა გადაიხადოს.

რას იზამ... რუსეთმა თავის კისერზე ასეთი უმართავი და კრიმინალურად აქტიური ნადავლი აიკიდა, რომ ფული უნდა გასცეს, წყალში გადაყაროს და კიდევ ინერვიულოს, რომ აფხაზეთის ხელისუფლებაში მორიგი რევოლუციით კრემლისადმი ნაკლებად ლოიალური ელემენტები არ მოვიდნენ.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.