ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
როშკა-არხოტის პროექტის ფარგლებში 28 კილომეტრიანი გზა გაიჭრა
31 აგვისტო, 2018

როშკა-არხოტის საავტომობილო გზის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. მთლიანად გაიჭრა 28 კილომეტრიანი გზა და მაღალი გამავლობის ავტომობილებს  გადაადგილება შეუძლიათ.

მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ, საავტომობილო გზების წარმომადგენელთან და საპროექტო ორგანიზაციასთან ერთად, გზის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა, ადგილზე განიხილეს ის სირთულეები, რომლებიც მშენებლობის პროცესში გამოვლინდა.

სამშენებელო ობიექტი დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ როშკადან იწყება, გადადის არხოტის უღელტეხილზე და მდ. ასას ხეობის გავლით, სოფელ ამღაში მთავრდება. ამ მონაკვეთზე  მხოლოდ საცალფეხო ბილიკი არსებობდა. პროექტის ფარგლებში კი, გაიჭრა 6 მ.  სიგანის 28 კმ-იანი გრუნტის საავტომობილო გზა,  დაგეგმილია ნაპირდამცავი ნაგებობებისა და ხიდების მოწყობა.

მუნიციპალური განვითარების ფონდის ცნობით, ზღვის დონიდან 3000 მეტრის სიმაღლეზე მდებარე უღელტეხილზე მკაცრი და ხანგრძლივი ზამთარია, რაც სამუშაო პროცესს ართულებს.

გზის არარსებობის გამო, წლების განმავლობაში, საზღვრისპირა სოფელი არხოტი მოსახლეობისგან თითქმის დაიცალა და ახლა იქ მხოლოდ 4 ოჯახი ცხოვრობს.   სტრატეგიული დატვირთვის გარდა, პროექტს დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის. ეს გზა ხელს შეუწყობს მხარეში ადგილობრივების დაბრუნებას და ხევსურეთის ტურისტული პოტენციალის ზრდას.

www.travelingeorgia.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.