რთველი 2018-ის საკოორდინაციო შტაბი 20 აგვისტოს გაიხსნა და რთველის დასაწყებად მზადაა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამ დროისთვის შტაბში 41 კომპანიაა დარეგისტრირებული, რომლებიც ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩაერთვებიან. რთველის მიმდინარეობის დროს შტაბი 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს.
ყურძნის კრეფა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან დაიწყება და, ეტაპობრივად, მთელს კახეთს მოიცავს.
როგორც ღვინის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, ქართულ მევენახეობა-მეღვინეობის დარგში ბოლო წლებში სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკა იძლევა იმის წინაპირობას, რომ რთველი 2018 ჩატარდება ორგანიზებულად და წარმატებულად. კერძოდ, გაზრდილია ღვინის ექსპორტის მოცულობა, საექსპორტო ბაზრები დივერსიფიცირებულია, შექმნილია ახალი, გაფართოებული და გადაიარაღებულია ღვინის ძველი საწარმოები, ფუნქციონირებს აგროდაზღვევის განვითარებული სისტემა. სახელმწიფოს ხელშეწყობით მევენახეობა-მეღვინეობის დარგი გაძლიერებულია და ის, ერთმნიშვნელოვნად, აღარ საჭიროებს სუბსიდიის ფორმით მხარდაჭერას.
www.travelingeorgia.ge