წელს ხვანჭკარის ზონა არ ჩაიკეტება – როგორია „რთველი 2019“ -ის, მეორე არასუბსიდირებული წელის სიახლეები
ღვინის ეროვნული სააგენტო 2019 წლის რთველის პროცესში ორგანიზების, მოსავლის აღრიცხვიანობისა და მიკვლევადობის კუთხით ჩაერთვება. სახელმწიფოს მხრიდან რამდენიმეწლიანი სუბსიდირების შემდეგ, წელს ქვეყანაში უკვე მეორედ არასუბსიდირებული რთველი ჩატარდება.
ეს უკვე დაადასტურა სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრმა. როგორც ლევან დავითაშვილი აღნიშნავს, გასული წლის მსგავსად, ჩასაბარებელი ყურძნის ფასს სახელმწიფო არც წელს დაარეგულირებს და 2019 წლის რთველი სუბსიდირების გარეშე ჩაივლის. შესაბამისად, ღვინის ეროვნული სააგენტო რთველის პროცესში ორგანიზების, მოსავლის აღრიცხვიანობისა და მიკვლევადობის კუთხით ჩაერთვება.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ „კომერსანტთან“ისაუბრა ყველა იმ სიახლეზე, რომელიც წლევანდელი რთველის პერიოდშია დაგეგმილი, მანვე შეაფასა შარშანდელი რთველი, რომელმაც პირველად ჩაირა სახელმწიფო სუბსიდირების გარეშე.
შარშანდელმა რთველმა რეკორდული შედეგები გვაჩვენა. მართალია, დიდ სიფრთხილეს ვიჩენდით სწორედ იმიტომ, რომ პირველი წელი იყო, როდესაც სრულად გამოვედით სუბსიდირების პროგრამიდან, თუმცა შარშანწინდელთან შედარებით 70-80 ათასი ტონით მეტი მოსავალი მივიღეთ. მოსავლის სახით დაფიქსირდა 230 ათასი ტონა ყურძენი, რაც, ვფიქრობ, ძალიან დადებითი შედეგია. ყურძინის ქარხნებში ჩაბარების მხრივაც არ შექმნილა პრობლემა და რაც, მთავარია, არ ჩავრეულვართ ფასში. ყურძნის ღირებულება ჯიშის მიხედვით, თავად ბაზარმა დაარეგულირა. აღსანიშნავია, რომ საფერავზე ფასებმა მოიმატა, რადგან წითელ ღვინოზე დიდი მოთხოვნაა, თეთრი ყურძნის ფასი კი კვლავინდებურად შენარჩუნდა,— აღნიშნავს ლევან მეხუზლა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის თქმით, ქართულ ღვინოზე მოთხოვნა გაიზარდა და, შესაბამისად, გაიზარდა ექსპორტი. ღვინის სააგენტოს სტრატეგიული ბაზრებია – აშშ, იაპონია, ბალტიისპირეთი, დიდი ბრიტანეთი და ჩინეთი.
მაისის მდგომარეობით ღვინის ექსპორტი 6 %-ითაა გაზრდილი, ხოლო ექსპორტით მიღებული თანხა 16%-ით მეტია ვიდრე შარშან. უცხოეთის ბაზარს განსაკუთრებული მოთხოვნა წითელ ღვინოზე აქვს, რადგან ბოლო მონაცემებით სულ 33 მლნ 543 ათასი ბოთლი წითელი ღვინო გავიდა საზღვარგარეთ გასაყიდად. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული ღვინის საშუალო ფასი წლიდან წლამდე მატულობს,— აცხადებს მეხუზლა.
რაც შეეხება „რთველი 2019“-ს, როგორც ქვეყნის მთავარი მეღვინე აცხადებს, წელს დაახლოებით 200 ათას ტონამდე მოსავალს ელოდებიან.
„რთველი 2019“-ს დიდი პერსპექტივა აქვს, როგორც იცით წლევანდელი რთველიც სახელმწიფოს სუბსიდირების გარეშე ჩაივლის. ღვინოზე გაზრდილია მოთხოვნა, შესაბამისად მის მთავარ ნედლეულზე, ყურძენზეც დიდი მოთხოვნაა. ზუსტი რიცხვების დასახელებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ, ჩემი აზრით, დაახლოებით 200 ათას ტონამდე მოსავალს მივიღებთ. რაც შეეხება ფასებს, ფასების რეგულირების საკითხში სახელმწიფო კატეგორიულად არ ერევა. მოსავლის სავარაუდო რაოდენობაც ივლისის თვეში გახდება ცნობილი, რადგან სწორედ ამ პერიოდში იწყება კომპანიების რეგისტრაცია რთველისთვის.
წლევანდელი რთველი გამორჩეული იქნება იმით, რომ პირველად ყვარლისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში, მევენახეები და ღვინის კომპანიები დაცული ადგილწარმოშობის დასახელების – „ქინძმარაული“, „ახაშენი“, „ყვარელი“ და „მუკუზანი“ მიკროზონების ყურძნის საწარმოებში ჩაბარებას, მხოლოდ ვენახების კადასტრის ამონაწერის საფუძველზე შეძლებენ.
გარკვეულ გეოგრაფიული საზღვრებში არსებული ვენახები გამოირჩევა განსაკუთრებული ხარისხით. დაცული ადგილწარმოშობის დასახელება ეს არის ადგილობრივი ფერმერების მონაპოვარი და მათი სიმდიდრე, რომელსაც თვითონ უნდა გაუფრთხილდნენ. ეს კადასტრი იქნება იმის გარანტი, რომ ყურძენი იქნება ნამდვილად იმ მიკროზონაში წარმოებული, მოყვანილი და არ გაყალბდება,— ამბობს მეხუზლა.
2019 წლის შემოდგომაზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ხვანჭკარას“ გადამუშავების პროცესი უშუალოდ ადგილწარმოშობის ზონაში მოხდება. ეს იმას ნიშნავს, რომ რაჭა-ლეჩხუმის რეგიონიდან სახვანჭკარე ჯიშების – მუჯურეთულის და ალექსანდროულის ზონიდან გამოტანა აღარ მოხდება. ამის გამო, ღვინის კომპანიების ნაწილმა განაცხადა, რომ შესაძლოა მათ „ხვანჭკარას“ წარმოება შეწყვიტონ. კომპანიებში აცხადებენ, რომ ღვინის ჩამოსხმას იმ შემთხვევაში გააგრძელებენ, თუ რაჭული ყურძნის და ღვინომასალის საბაზრო ღირებულება ადეკვატური იქნება.
როგორ აისახება ეს სიახლე ხვანჭკარას წარმოებაზე? — ამ კითხვაზე ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის პასუხი ასეთია.
წელს ორგანიზების თვალსაზრისით „ხვანჭკარის“ რთველი იქნება შარშანდელის ანალოგი. ჩვენ დაგეგმილი გვქონდა ხვანჭკარის ზონის ჩაკეტვა, რაც გულისხმობდა მოწეული ყურძნის მიკროზონის ფარგლებშივე გადამუშავებას, მაგრამ ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელობის ანალიზით და ასევე ღვინის კომპანიების ნაწილის ნაკლები მზაობით, ამ სიახლის გადაწევა ორი წლით მოგვიწია. ყურძენის გადამუშავებას სჭირდება გარკვეული სიმძლავრეები. „ხვანჭკარა“ უნდა იყოს და არის ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინო და მას სჭირდება გარკვეული სამაცივრე მეურნეობით. იმედი გვაქვს, რომ ამ 2 წლის მანძილზე დარგიც, ის კომპანიებიც, ვინც გადაწყვეტენ, რომ ხვანჭკარა დაიტოვონ თავიანთ პორტფელში და პლიუს ადგილობრივი მეწარმეებიც უკეთ მოემზადებიან ამ ჩაკეტვისთვის.
წელს საქართველოში დაახლოებით 300- ამდე ქარხანა ელოდება ყურძნის მოსავალს, თუმცა, როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი აცხადებს ეს რიცხვი კიდევ შეიძლება გაიზარდოს.
Commersant.ge