რთველის საორგანიზაციო საკითხები განიხილეს თელავში კახეთის რეგიონის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურებისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან გამართულ შეხვედრაზე. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილმა აღნიშნა, რომ სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესია რთველის წარმატებულად ჩატარება.
„გასულ წლებში რთველის პროცესი საჭიროებდა დოტაციას. მევენახეობა-მეღვინეობის დარგში გატარებული სწორი სახელმწიფო პოლიტიკის შედეგად, ამის აუცილებლობა აღარ დგას, ბიზნესი უბრუნდება სწორ ნიშნულს - მეწარმე და ფერმერი თავად შეთანხმდებიან ფასებზე. გაზრდილი ექსპორტი, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია, ქართული ღვინის გაზრდილი ცნობადობა - ეს ტენდენცია ასახულია ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკაზე, რაც იძლევა იმის საფუძველს, რომ რთველი ჩატარდეს სახელმწიფო სუბსიდირების გარეშე, რაც არის სწორი ბიზნეს-მოდელი,“ - აღნიშნა მან.
მინისტრის მოადგილემ ქართული ღვინის ხარისხის მნიშვნელობაზე განაცხადა. მისი თქმით, რთველის პროცესში გამართული აღრიცხვიანობა ერთ-ერთი წინაპირობაა ღვინის ხარისხის უზრუნველსაყოფად.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ანდრო ასლანიშვილის ინფორმაციით, რთველის შტაბი აგვისტოს ბოლომდე გაიხსნება და დაიწყება რთველის პროცესში ჩართვის მსურველი კომპანიების რეგისტაცია. ანდრო ასლანიშვილის განცხადებით, გასული წლების მსგავსად, რთველის საკოორდინაციო შტაბი 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს.
„საკოორდინაციო შტაბის ფუნქცია იქნება რთველის ორგანიზებულად ჩატარების ხელშეწყობა, აღრიცხვიანობისა და მიკვლევადობის უზრუნველყოფა, რაც ხარისხიანი პროდუქციის წარმოების საწინდარია“ - აღნიშნა მან.
პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გელა სამხარაულის ინფორმაციით, ექსპორტის ზრდის პარალელურად, საქართველოში მზარდი ტურისტების რაოდენობა, ასევე ზრდის ღვინის მოხმარებაზე მოთხოვნას შიდა ბაზარზე, რაც არის ასევე წინაპირობა, რომ რთველი ჩატარდეს თავისუფალი საბაზრო პირობებით.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მეღვინეობის დარგის არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, 2018 წლის რთველი დაფუძნებული იქნება სრულ საბაზრო ფასების პირობებზე და ეს იქნება ბოლო 10 წლის მანძილზე პირველი რთველი, როდესაც სახელწიფო სრულად გამოდის ყურძნის სუბსიდირების რეჟიმიდან.
www.travelingeorgia.ge