"რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობა" ლუდის წარმოებას იწყებს. მომხმარებლისთვის პროდუქტი უახლოეს პერიოდში იქნება ხელმისაწვდომი.
საწარმო, სადაც ლუდის დამზადება მოხდება თითქმის დასრულებულია. რუისპირის მეურნეობა ლუდს სრულად მათ მიერ მოყვანილი ნედლეულისგან დაამზადებს. გარდა ლუდისა წარმოებაში გაეშვება შუშხუნა ღვინოც.
„საწარმო მიემატა ადგილზევე მეურნეობაში. უახლოეს პერიოდში დავიწყებთ უკვე წარმოების პროცესს. გავუშვებთ ლუდის და შუშხუნა ღვინის წარმოების ხაზს. პროდუქცია „რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობა“ ბრენდის ქვეშ გამოვა. ამ ეტაპზე დამზადების ტექნოლოგიის პროცედურები მიმდინარეობს. ეს იქნება ტრადიციული ქართული ლუდი, რომელსაც ჩვენი ქერისგან და ხორბლისგან დავამზადებთ. ჯამური ინვესტიცია, რომელიც საწარმოში განვახორციელეთ 200 000 ლარს აჭარბებს,“ - ამბობს "ბიზნესპარტნიორთან" მეურნეობის ხელმძღვანელი გიორგი ალადაშვილი.
წარმატებით ოპერირებს "რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობის" აგროტურისტული ობიექტიც. პანდემიის მიუხედავად საოჯახო აპარტამენტები სრულად დატვირთულია.
ცნობისთვის, პანდემიის პერიოდში 300 000 ლარიანი ინვესტიციით კახეთში „რუისპირის ბიოდინამიურ მეურნეობაში“ ოჯახებისთვის ორი დასარჩენი ადგილი მოეწყო. ამ ეტაპზე მეურნეობას 18 სტუმრის (2-3 ოჯახის) მიღება შეუძლია, თუმცა იგეგმება მესამე აპარტამენტის დამატებაც, რაც მეურნეობას ჯამურად 25 სტუმრის მიღების საშუალებას მისცემს.
business-partner.ge