ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რუსეთი დეფაქტო აფხაზეთში საკუთარ ბიზნეს-ინტერესებს ლობირებს
02 დეკემბერი, 2020

ცნობილი აფხაზი ბლოგერი იზიდა ჭანია რუსეთს და  დეფაქტო აფხაზეთს შორის კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროექტს ეხმაურება და ამ დოკუმენტს მოსკოვის მხრიდან დეფაქტო  აფხაზეთში რუსული ბიზნესის ინტერესების ლობირებად მიიჩნევს.

„კომერსანტი“ გთავაზობთ EKHOKAVKAZA-ს  სტატიას უცვლელად, სადაც გამოყენებულია ოკუპირებულ რეგიონში მოქმედი ტოპონიმები და ტერმინები, რომელთაც რედაქცია არ იზიარებს.

12 ნოემბერს სოჭში რუსეთის და აფხაზეთის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს „საერთო სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების და რუსეთს და აფხაზეთს შორის კანონმდებლობის ჰარმონიზების“ შესახებ შეთანხმების პროექტს.

პროგრამაში 45 პუნქტია, რომელიც 2023 წლამდე უნდა შესრულდეს. საუბარია კანონებზე, რომლებიც აფხაზეთის პარლამენტმა უნდა მიიღოს, ხოლო ხელშეკრულება თითქმის ყველა დარგს - ენერგეტიკას, განათლებას, ჯანდაცვას, უძრავ ქონებას, და ა.შ. - შეეხება.

“პირველი გრძნობა, რომელიც ამ დოკუმენტის წაკითხვის შემდეგ გეუფლება  - გაკვირვებაა. რომ მენახა ასეთი ფუნდამენტალური ნაშრომი, ოღონდ ჩვენი მთავრობის და პარლამენტის მიერ მომზადებული, ტაშს დავუკრავდი. როგორც იქნა, ჩვენი ხელისუფლება განათლებაზე, პენსიებზე და სტრატეგიულ დაგეგმარებაზე დაფიქრდა.

 ბევრ რამეს დავუმატებდი კიდეც - მაგალითად, კანონებს რეფერენდუმის ჩატარების წესზე, შესწორებებს საარჩევნო კანონმდებლობაში და ა.შ.

ერთი სიტყვით, აფხაზეთს საკუთარი საკანონმდებლო ბაზის შექმნის კუთხით ნამდვილად ბევრი სამუშაო აქვს, ეს ცხადია. თუმცა, რა შუაშია აქ რუსეთი? რატომ არის აუცილებელი რუსეთთან შეთანხმების ხელმოწერა იმისთვის, რომ აფხაზეთმა თავისი საკანონმდებლო ბაზა შექმნას? ამ საქმეში რუსი ჩინოვნიკები რატომ უნდა მონაწილეობდნენ?

აი მაგალითად, რა რუსების საქმეა აფხაზური ენის დაცვა? ან რეგიონებს შორის საბიუჯეტო სახსრების განაწილების წესის დაზუსტება?

ისე ჩანს, რომ ამ შემთხვევაში აფხაზეთი არის ჩამორჩენილი ოროსანი, რომლის მასწავლებელიც მისი უტვინობით  დაიღალა და მის  ნაცვლად საკონტროლოს დაწერა გადაწყვიტა.

თუმცა, იმას რასაც ჩვენ გვთავაზობენ, კარგ საქმეს ვერ უწოდებ - რუსულ დოკუმენტთან უკვე დღეს უამრავი პრეტენზია არსებობს. სტრატეგიულმა პარტნიორმა ჩვენ არა ჰარმონიზაცია შემოგვთავაზა, არამედ ისეთი კანონების მიღება, რომლებიც რუსული ბიზნესისთვის ხელსაყრელია.

მაგალითად, პროგრამა ენერგეტიკის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას გულისხმობს. დღეისთვის არსებული კანონმდებლობა 5 მეგავატზე მძლავრი ელექტროსადგურების პრივატიზებას კრძალავს, შესაბამისად, რუსეთი ამ ნორმის გაუქმებას ითხოვს. ეს მაშინ, როდესაც თავად რუსეთში საპირისპირო პროცესი - ელექტროსადგურების ნაციონალიზაცია - დაიწყო.

კიდევ ერთი, აფხაზეთისთვის ძალიან მტკივნეული საკითხი - რუსებისთვის აფხაზეთის მოქალაქეობის მინიჭება.

რაში უნდა დასჭირდეს რუსებს აფხაზეთის მოქალაქეობა, რომლითაც რუსეთს ვერ გასცდები? პასუხი ნათელია - უძრავი ქონების ყიდვისთვის.

აფხაზებს რუსებისთვის აფხაზეთის მოქალაქეობის მინიჭება და უძრავი ქონების მიყიდვის უფლების მინიჭება რატომ არ სურთ? ესეც ხომ ნათელია - იმიტომ, რომ ასეთ შემთხვევაში აფხაზეთის პრეზიდენტის და პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობას რუსეთის მოქალაქეები მიიღებენ, ხოლო უძრავი ქონება წარმოუდგენლად გაძვირდება.

ასე რომ, აქ არავითარ ჰარმონიზაციაზე საუბარი არაა, და ამ დოკუმენტის მიზანია აფხაზეთში რუსული ბიზნეს ჯგუფების ინტერესების ლობირება. იმედია, ამ შეთანხმების რეალიზების მიზნით შექმნილ აფხაზურ სამუშაო ჯგუფში სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანებიც მოიძებნება, თუ არა - კმარა დამოუკიდებლობის იმიტირება.

უკეთესი იქნება პირდაპირ რუსეთის შემადგენლობაში შესვლა მოვითხოვოთ.

ekhokavkaza.com

 მოამზადა თენგიზ აბლოთიამ

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.