ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რუსეთის ღვინის ბაზრის ანტირეიტინგში დუგლაძეების 4 ღვინო მოხვდა
02 აპრილი, 2021

რუსეთში საქართველოში წარმოებული ღვინოები დაიწუნეს.

არაკომერციული ორგანიზაციის Роскачества-ს ექსპერტების მიერ შედგენილ ანტირეიტინგში, სადაც 15 დასახელების ღვინო მოხვდა, 6 საქართველოში წარმოებულია. (5 საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ერთი - დე ფაქტო აფხაზეთში). ანტირეიტინგში მოხვდნენ დუგლაძეების ღვინის კომპანიის მიერ წარმოებული - ქინძმარაული, წინანდალი და საფერავი, აგრეთვე, „ქინძმარაული-მუზარადი“ და „ქინძმარაული-ბეთანელი“.

ხარისხის სისტემის სპეციალისტებმა რუს მომხმარებლებში ყველაზე პოპულარული და 1000 რუბლამდე (დაახლოებით 45 ლარი) ღირებულების იმპორტული ღვინოები შეამოწმეს. ორგანიზაციის ექსპერტებმა 13 ქვეყნიდან იმპორტირებული 120-ზე მეტი ღვინის სახეობა შეამოწმეს და 3 მათგანი ყველაზე უხარისხოდ მიიჩნიეს.

კომისია ღვინის ხარისხს გარეგნული, სუნისა და გემოს მაჩვენებლების მიხედვით 100-ქულიანი შკალით აფასებდა, რომელიც ვენახისა და ღვინის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის დადგენილი. 71 ქულაზე დაბალი მაჩვენებლის ღვინო გემოს და არომატის ნაკლოვანებებით ფასდება და ცუდი ხარისხის ღვინოდ ითვლება.

დასახელებული 3 ყველაზე უხარისხო ღვინიდან ორი ქართული ღვინოა: წითელი ნახევრადტკბილი „ქინძმარაული-დუგლაძე“, რომელსაც 59, 16 ქულა მიანიჭეს, და თეთრი მშრალი „წინანდალი-დუგლაძე“ - 69,34 ქულით. შედარებით მაღალი ქულა აქვს კიდევ 3 ქართულ ღვინოს, მაგრამ ისინიც უხარისხო ღვინოების ანტირეიტინგში მოხვდნენ. ესენია წითელი მშრალი „საფერავი-დუგლაძე“ 74, 08 ქულით, წითელი ნახევრადტკბილი „ქინძმარაული მუზარადი“ 75,5 ქულითა და წითელი ნახევრადტკბილი „ქინძმარაული ბეთანელი“ 77, 16 ქულით.

აღსანიშნავია, რომ ანტირეიტინგში რუსი სპეციალისტები სეპარატისტული აფხაზეთიდან შუშხუნა ღვინო „ლიხნისაც“ ასახელებენ. წითელი ნახევრადტკბილი აფხაზური „ლიხნი“ 76,1 ქულით არის შეფასებული და დასახელებული 5 ქართული ღვინიდან 4-ზე უკეთესი მაჩვენებელი აქვს.

ქართული ღვინოების გარდა, ყველაზე ცუდი ხარისხის ღვინოდ სერბული წითელი ნახევრადტკბილი „Вранац Броjаница“ არის მიჩნეული. მას რუსებმა 67,7 ქულა მიანიჭეს.

რუსეთის ხარისხის სისტემა იმპორტირებული ღვინის სრულ რეიტინგს აპრილში გამოაქვეყნებს.

რაც შეეხება დაწუნებულ ქართულ ღვინოებს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სულ 5 სახეობა მოხვდა. მათ შორის, 3 სახეობა დუგლაძეების ღვინის კომპანიის წარმოებაა, ერთი - „კოტეხი -გურჯაანის ღვინის ქარხნის“ და ერთიც - Bolero & Company-ის.

შპს დუგლაძეების ღვინის კომპანიის თანადამფუძნებელი ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა (ზაალ) დუგლაძეა. ის კომპანიაში 23%-იან წილს ფლობს, თუმცა იმის გამო, რომ დეპუტატის მანდატი მას სამეწარმეო საქმიანობას უკრძალავს, რეესტრის ამონაწერით წილის განმკარგავი არის დავით დუგლაძე. ამასთან, კომპანიაში 23-23%-იან წილებს ფლობენ ალექსანდრე ივანიშვილი, მალხაზ ყანჩაველი, დავით დუგლაძე, 8%-იანი წილის მფლობელი კი საქართველოსა და რუსეთის მოქალაქე გიორგი კაპანაძეა.

ანტირეიტინგში მოხვდა „ქინძმარაული-მუზარადიც“, რომელსაც სს „კოტეხი -გურჯაანის ღვინის ქარხანა“ ამზადებს. ამ კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არის დავით დუგლაძე, წევრები არიან ალექსანდრე ივანიშვილი და ზაზა (ზაალ) დუგლაძე

დაწუნებულებს შორისაა შპს Bolero & Company-ის წარმოებული „ქინძმარაული ბეთანელი“. აღნიშნული კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი არის საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქე ვახტანგ კარიჭაშვილი.

bpn.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.