რუსთავში საცხენოსნო სკოლის მოწყობა იგეგმება. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, სკოლის მოწყობა მარცხენა და მარჯვენა სანაპიროს დამაკავშირებელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმება.
მერიის ინფორმაცით, რამდენიმე დღის წინ, საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა რუსთავის ტყე-ჭალის ტერიტორიის ნაწილის, 22 493 კვ.მ ფართობის სარგებლობის უფლებით გაცემის საკითხს მხარი დაუჭირეს.
მათივე ინფორმაციით, დაგეგმილია ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული დაჭაობებული ფართობის სარგებლობის უფლებით 30 წლით ვადით გაცემა. აუქციონში გამარჯვებულს ვალდებულება ექნება ტერიტორიაზე 2 წლის განმავლობაში 300 000 ლარის ინვესტიცია განახორციელოს და საცხენოსნო სკოლა მოაწყოს.
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ქავთარაძე აცხადებს, რომ ეს იქნება იპოდრომის ტიპის დაწესებულება. ინვესტორს ვალდებულებაში ასევე უწერია, რომ შშმ პირებს და მათ, ვისთვისაც ეს სერვისი იქნება როგორც ერთგვარი თერაპიის საშუალება, მოემსახუროს უფასოდ.
„ეს იქნება ადგილი სარეკრეაციო, საზოგადოებრივი სივცრე, რომელიც იქნება კეთილმოწყობილი იმ ადგილას, სადაც დღეს არის ჭაობი და რომელიც ურბანულად დაგეგმარებას და სწორად განვითარებას საჭიროებს,“ - აცხადებს ნინო ქავთარაძე.
კონკრეტულად როდის იგეგმება აუქციონის გამოცხადება, ამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას „ბიზნესპარტნიორი“ რუსთავის მერიისგან ელოდება.
business-partner.ge