დღეს რუსულმა Известия-მ გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით – “საქართველოში რუსი ტურისტების რაოდენობა 70%-ით დაეცა” (Поток туристов из России в Грузию снизился на 70%). სტატიაში რუსეთის ტურისტული ინდუსტრიის გაერთიანების (РСТ) ვიცე-პრეზიდენტის იური ბარზიკინის კომენტარი არის წარმოდგენილი – ბარზიკინი აცხადებს, რომ საქართველოში რუსი ტურისტების რაოდენობა 70%-ით არის შემცირებული.
თუმცა, აღნიშნულ სტატიაში დასახელებული რიცხვები სიმართლეს არ შეესაბამება, რადგანაც საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, ავიასანქციების მოქმედების ფონზე, ტურისტული ნაკადის შემცირება ამაზე გაცილებით უფრო მცირე იყო.
2019 წლის ივლისში საქართველოში სულ 159,063 რუსი ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.4%-ით ნაკლები იყო, აქედან, 50,849 – სატრანზიტო ვიზიტორი, 108,214 კი, ტურისტი იყო. უშუალოდ რუსი ტურისტების რაოდენობა 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14.8%-ით (18,851-ით) ნაკლები იყო. შესაბამისად, ტურისტების 14%-იანი კლება რუსეთში 70%-იან კლებად არის გასაღებული.
ამასთანავე, სტატიაში ნათქვამი არაა, რომ ივლისში საქართველოში რეკორდული რაოდენობის ვიზიტორები და ტურისტები მიიღეს. ტურიზმის ადმინისტრაციის მონაცემებით, ივლისში საქართველოს ტურისტული სექტორი გაიზარდა, ვიზიტორების მთლიანმა რაოდენობამ 5.8%-ით მოიმატა და 1,099,474 შეადგინა, ხოლო უშუალოდ ტურისტული ვიზიტების რაოდენობა კი, 1%-ით 570,482 ტურისტამდე გაიზარდა. ტურისტების რაოდენობის ზრდა არაერთი ქვეყნიდან, მათ შორის საუდის არაბეთიდან, ისრაელიდან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან და სხვა ქვეყნებიდან დაფიქსირდა; დადებითი ტენდენცია იყო ევროკავშირის ქვეყნებიდანაც.
Известия საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს იმასაც, რომ სავარაუდოდ, რუსული ავიამიმოსვლის აკრძალვა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე შენარჩუნდება.
bm.ge