„2019 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონის შეჯამება ორი სიტყვით ასე ჟღერს – იყო რთული, თუმცა ეს არ განაპირობა მხოლოდ რუსულმა ტურისტულმა ემბარგომ, პრობლემები ირანიდან ტურისტული ნაკადის შემცირებით დაიწყო, რასაც მოჰყვა რუსეთიდან ავიახაზების შეწყვეტაც“, – ამის შესახებ BMG-ისთან m2-ის გენერალური დირექტორის მოადგილემ თამუნა გულედანმა განაცხადა და აღნიშნა, რომ სტატისტიკური მაჩვენებლები არ არის საგანგაშო, რადგან სწრაფად შევსებადი და ჩანაცვლებადი ბიზნესია და აზიით, აშშ-ით, ევროპითა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებით, მათთან აქტიური მუშაობით, პროცესები იმაზე სწრაფად დაიძრება, ვიდრე მოსალოდნელია.
„სამი თვის განმავლობაში, ზაფხულში, სასტუმრო ნომრების ფასი საშუალოდ 10%-12%-ით დაეცა, ხოლო დატვირთულობა – 6%-7 %-მდე, თუმცა ეს შედეგი ძალიან მალე გამოსწორდება. ერთადერთი პრობლემა ქვეყანაში არის მიწოდების ძალიან მაღალი ტენდენცია ანუ ბევრი სასტუმრო აშენდა ბოლო წლებში, ბევრი სახლია დარეგისტრირებული Airbnb-ზე, შესაბამისად, ტურიზმი კი არ იკლებს, ის იზრდება ყოველთვიურად, თუმცა იზრდება მიწოდებაც, ხოლო რუსული ტურისტული ემბარგო და ირანიდან ტურისტების შემცირება, მათ დატვირთულობას დაეტყო,“ – აღნიშნა თამუნა გულედანმა.
მისი თქმით, მიმდინარე პროცესები საქართველოში ტურისტული ბაზრის ხარისხს გააჯანსაღებს.
„მართალია, გაუჭირდება ბევრ პატარა სასტუმროს, რადგან ჯავშნები რუსეთიდან თითქმის გაუნახევრდათ, ხოლო მისი ჩანაცვლება ერთ დღეში არ მოხდება, თუმცა დაიწყება ზრუნვა უკვე ხარისხიანი ტურისტების შემოყვანაზე ქვეყანაში. აქტიური მუშაობა ბაზრის დივერსიფიკაციაზე უახლოეს მომავალში გამოიღებს შედეგს და საქართველოში ევროპიდან, აზიიდან და აშშ-დან უფრო მაღალი რანგის, მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტი ჩამოვა, რაც საქართველოს ტურისტული მომსახურების ხარისხს აამაღლებს და მიწოდებასაც დააბალანსებს“, – განაცხადა m2-ის გენერალური დირექტორის მოადგილემ.
გულედანის თქმით, „უნდა გავიშალოთ მთელს მსოფლიოში, რადგან არ შეიძლება რომელიმე ერთ ან ორ ბაზარზე ვიყოთ დამოკიდებული, თან განსაკუთრებით ისეთზე, რომელიც არც პოლიტიკურად და არც ეკონომიკურად სტაბილური არ არის“
bm.ge