ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„რუსული ტურიზმი ერთ მეოთხედს წარმოადგენს, ეს არ არის ჩვენი შეგნებული პოლიტიკის შედეგი“
01 ივლისი, 2019

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, რუსული ავიასანქციების შედეგად ქართული ტურისტული სექტორისთვის არსებული გამოწვევები დიდია. ამის შესახებ მინისტრმა ტელეკომპანია “იმედისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, იგი ყოველდღიურ რეჟიმში ხვდება კერძო სექტორის წარმომადგენლებს და მთავრობას აქვს საკმაოდ ნათელი ხედვა, თუ როგორ შეიძლება ნეგატიური ზემოქმედების შერბილება.

“რა თქმა უნდა, მთლიანობაში ეს ჯანსაღი ინდუსტრიაა, მაგრამ მიუხედავად ამისა რუსული ტურიზმი ერთ მეოთხედს წარმოადგენს. ეს არ არის ჩვენი შეგნებული არჩევანი და შეგნებული პოლიტიკის შედეგი. ეს ბიზნესის არჩევანია. რაც ჩვენ, სახელმწიფომ გავაკეთეთ ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენ შევუქმენით ბიზნესს ძალიან ფართო არჩევანი. მთელი მსოფლიოს მასშტაბით წარმოვაჩინეთ საქართველო, როგორც მიმზიდველი, მშვიდობიანი, პროგრესული და უსაფრთხო ტურისტული ადგილი.

ეს არის ერთი მილიონი ტურისტი რუსეთიდან, რომლის მოლოდინი ჰქონდა საქართველოში საოჯახო სასტუმროებს, მსხვილ სასტუმროებს, რესტორნებს და ეს რაოდენობა რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. აქედან გამომდინარე, ჩვენ რომ ვილაპარაკოთ ერთი მილიონი ტურისტის წლის ბოლომდე საიდანღაც ჩანაცვლებაზე, ეს იქნება ძალიან უპასუხისმგებლო ნათქვამი. მე ვარ პასუხისმგებლიანი მინისტრი, პასუხისმგებლიანი მთავრობის. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან მარტივად შეგვიძლია ერთი მლნ ტურისტის მარტივად ჩანაცვლება, თუნდაც ეს იყოს ჩვენი ბაზრის ერთი მეოთხედი. რასაკვრიველია, ეს შეუძლებელია.

აქედან გამომდინარე, ჩვენ ვმუშაობთ ორი ძირითადი მიმართულებით. ერთი მიმართულებაა, რომ კვლავ კიდევ ერთხელ გავაჟღეროთ, რომ საქართველო უსაფრთხო ტურისტული ქვეყანაა. ამას მსოფლიო აღიარებს და ახლა რატომღაც რუსეთმა აღმოაჩინა, რომ ჩვენ რათაც საფრთხის შემცველები ვართ თურმე. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. ჩვენ ვართ ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა და თუკი სადმე გაჩნდა კითხვები, კითხვები შეიძლება გაჩენილიყო სხვა ქვეყნებშიც. არის ახლა ეს ტენდენციაც, რომ კითხვა გაჩნდა. ჩვენ ყველას ვპასუხობთ დიპლომატიური არხებით, ყველა ეთერს ვიყენებთ”, – განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ ტურიზმის სექტორის დასახმარებლად მუშაობის მეორე მიმართულება ბიზნესთან შეხვედრებს და მათი საჭიროებების შესახებ ინფორმაციის მიღებას გულისხმობს.

“მოთხოვნა იმასთან ერთად, რომ სხვა ბაზრები განვავითაროთ, არის ისიც, რომ დაგვეხმარეთ, შევინარჩუნოთ რუსი ტურისტებიც. ეს არის საკმაოდ ყურადსაღები ტენდენცია და ვალდებული ვართ, მათ შორის ამ მიმართულებით ვიმუშაოთ, რომ შეძლებისდაგვარად რუსი ტურისტიც შევინარჩუნოთ ამ ბაზარზე.

ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ კონკრეტულ გეგმაზე, თუ როგორ მოხდეს ამ შესაძლო ნეგატიური ზეგავლენის შერბილება მაინც. ჩვენ ამ გეგმას რამდენიმე მიმართულებით დავყოფთ. ერთი არის მარკეტინგული მიმართულება. რა კორექტივები შევიტანოთ უკვე ჩამოყალიბებულ მარკეტინგულ ბიუჯეტში. სხვათაშორის, ჩვენ რუსეთის მიმართულებით წელს საერთოდ არაფერი გვეჯდა ბიუჯეტში, რადგან რუსეთის ბაზარი ისედაც მზარდი იყო.

მეორე მიმართულება არის ლოგისტიკური, თუკი რაიმე შეიძლება ჩვენ ბიზნესს შევთავაზოთ ამ მხრივ. ჩვენ გვაქვს მოსაზრებები ისევ ბიზნესის მოთხოვნებიდან გამომდინარე.

მესამე არის ფინანსური. არ მინდა მოვლენებს გავასწრო. კიდევ გვაქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი კონსულტაცია ბანკებთანაც და ალბათ, იმ კვირაში მთლიანად დაასრულებს მთავრობა ამ გეგმაზე მუშაობას. თუ ჩავარდნა იქნება, ერთი–ორი თვე, ჩვენ ამაზე გვექნება პასუხი”, – განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 8 ივლისიდან რუსული ავიაკომპანიები – საქართველოში, ქართული ავიაკომპანიები კი რუსეთში ფრენებს ვეღარ განახორციელებენ.

BMG


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.