King David-ის მფლობელი, ბიზნესმენი სოსო ორჯონიკიძე რომ ვარძიაში მიწისქვეშა სასტუმროს აშენებას გეგმავს, ამის შესახებ მან bm.ge-ის რამდენიმე დღის წინ თავად განუცხადა. ორჯონიკიძის პროექტი არა მხოლოდ – სასტუმროს, არამედ, ვარძიის წინ მესხური სოფელის მოწყობასაც გულისხმობს.
ვარძიაში მიწისქვეშა სასტუმროს მშენებლობის პროექტს 7 აპრილს ვრცელი სიუჟეტი მიეძღვნა „რუსთავის 2“-ის გადაცემა „P.S.”-ში, სადაც აღნიშნული იყო, რომ აკრძალვისა და გაფრთხილებების მიუხედავად, ვარძიის კომპლექსის მოპირდაპირე მხარეს მშენებლობა უკანონოდ მიმდინარეობს, თან იმ ფონზე, როცა ვარძიის ისტორიული ძეგლი იუნესკო-ს სიაში მოსახვედრად ემზადება.
ამ სიუჟეტის შემდეგ, ბიზნესმენმა სოსო ორჯონიკიძემ „საქმის კურსთან“ დამატებითი განმარტება გააკეთა და თქვა, რომ „სანამ ვარძიას განაშენიანების გენერალური გეგმა არ ექნება, სასტუმრო არ აშენდება“.
“2018 წლის იანვარში, როცა ყველანი ერთად შევიკრიბეთ, ჩვენ ვუთხარით, რომ კონკრეტულად განსაზღვრული გვაქვს ასეთი იდეა და ვაჩვენეთ კიდეც, რას ვაპირებდით. ჩვენი წინადადება ვარძიის გენერალურ გეგმაში გაითვალისწინეს. ჩვენ დავაფიქსირეთ ისიც, რომ ვგეგმავდით სასტუმროს მშენებლობას მომავალში. სანამ გენერალური გეგმა დამტკიცებული არ იქნება, არც მოთხოვნა შეგვიტანია ამასთან დაკავშირებით. ჩვენ სასტუმროს ჯერ არ ვაშენებთ, 1 კვადრატულ მეტრზეც ვერ ნახავთ მომზადებულ ფუნდამენტს. იქ არის მარტო გაკეთებული ტერასები. რაც შეეხება საყრდენ კედელს, ამ კედლის ნასახს კაციშვილი ვერ დაინახავს. ის დარჩება შიგნით. სამაგიეროდ, ერთხელ და სამუდამოდ გზა იქნება დაცული, რომელსაც ძალიან დიდი დატვირთვა აქვს ზემოდან და არავითარი ჩამოშლა აღარ მოხდება“, – აცხადებს ბიზნესმენი სოსო ორჯონიკიძე.
რას ამბობენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში?
ვარძიაში მიწისქვეშა სასტუმროს აშენების თემაზე „საქმის კურსის“ ეთერში ისაუბრა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ანთიძემ.
„კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში წარმოდგენილი პროექტი გულისხმობდა მწვანე საფარისა და ბილიკების მოწყობას, რაზეც სააგენტოს პასუხი იყო დადებითი ანუ მათ მხოლოდ მწვანე საფარის მოწყობის შესაძლებლობა ჰქონდათ; ბილიკების მშენებლობაზე კი, ნებართვა არ გაცემულა, თუმცა მძიმე ტექნიკა მაინც განაგრძობდა მუშაობას და ადგილობრივი ხელისუფლების მიმართვის მიუხედავად, სამშენებლო სამუშაოები გრძელდებოდა; რაც არ უნდა კარგი პროექტი მზადდებოდეს, ჩვენ ვმუშაობთ, რომ ვარძიის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთიანი თამაშის წესები ჩამოყალიბდეს, რაც გულისხმობს მიწათმოქმედების გენერალური გეგმის შემუშავებას ვარძიის მიმდებარე ტერიტორიაზე“, – განაცხადა ანთიძემ.
გარდა ამისა, სააგენტოს ხელმძღვანელმა „საქმის კურსში“ იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის ნუსხაში ვარძიის შეტანისთვის საჭირო პროცედურებზეც ისაუბრა.
„ჩვენ ვმუშაობთ მსოფლიო მემკვიდრეობის ნომინაციისთვის და ამისთვის დაფინანსებაც მოვიპოვეთ. წელს ჩამოდიან ექსპერტები, რომ შევაფასოთ ეს კონკრეტული ადგილი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში წარსადგენად, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ვარძიის ტერიტორიაზე თამაშის წესების გარეშე არაფერი არ ხდებოდეს“, – განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა.
ცნობისთვის: სოსო ორჯონიკიძის პროექტი ვარძიაში 120-ნომიანი სასტუმროს აშენებას ითვალისწინებს; პროექტის ჯამური საინვესტიცი ღირებულება 10-12 მლნ ლარია, მაგრამ ორჯონიკიძე არ გამორიცხავს, რომ ეს თანხა გაიზარდოს.
„ეს იქნება სასტუმრო დაახლოებით, 120 ნომერზე, ძირითადად შეფენილი იქნება ფერდობზე, რომელიც დგას ზუსტად იმ ღერძზე, სადაც სალოცავია. ჩვენ ალბათ უახლოეს პერიოდში ამ პროექტის პრეზენტაციას გავაკეთებთ ვარძიის ხევში. გვაქვს პრეტენზია, რომ ვარძიის წინ გაკეთდეს მესხური სოფელი”, – განუცხადა bm.ge-ის Rezid Holding GmbH-ის გენერალურმა დირექტორმა სოსო ორჯონიკიძე.