ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საახალწლოდ ტურისტულ პაკეტებზე ფასები აიწევს - რა მიმართულებებზეა ჯავშნები
05 დეკემბერი, 2022

რომი, ბარსელონა, ბუდაპეშტი, პრაღა და ცენტრალური ევროპის სხვა ცნობილი ქალაქები - ეს სწორედ იმ ადგილების ჩამონათვალია, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები შემოდგომის სეზონზე ყველა აქტიურად ირჩევდნენ. განსაკუთრებით მოთხოვნადი პაკეტური და არასტანდარტული ტურები იყო, ბიუჯეტური ფრენებით.

როგორც „ბიზნეპარტნიორს“ ტურისტული კომპანია Discover Georgia-ს დირექტორმა ნინა კეკელიძემ განუცხადა, წინა წლებთან შედარებით, ტურპაკეტებსა და ავიაბილეთებზე გაზრდილი ფასების მიუხედავად, ქართველებს საკუთარი ფინანსები ქვეყნის ფარგლებს გარეთ დასვენებისთვის არც ამჯერად არ ენანებათ. ამას ნინა კეკელიძე პანდემიის პერიოდში დაგროვილი მოთხოვნით ხსნის.

„გამყვანი ტურიზმის სექტორი ზრდის ტენდენციას აჩვენებს. შემოდგომა აქტიური იყო და პანდემიამდელ, 2019 წელთან შედარებით, 70-80 პროცენტით აღდგენილია როგორც გაყიდვების მაჩვენებელი, ისე შემოსავლები. გარდა ამისა, ტურისტულ პაკეტებს ემატება ახალი პროდუქტები და ახალი სამოგაზურო მიმართულებები“, - აღნიშნა ნინა კეკელიძემ.

გამყვანი ტურიზმის სექტორში დადებითი მოლოდინები აქვთ ზამთართის სეზონთან დაკავშირებითაც. როგორც Legend Travel-ის დამფუძნებელი იზაბელა საათაშვილი განმარტავს, წინასწარი ჯავშნები ტაილანდის, შრი-ლანკას, მალდივების და აზიის სხვა თბილი ქვეყნებისკენ უკვე კეთდება. სექტორის წარმომადგენლები ფასების სავარაუდო ზრდაზეც საუბრობენ.

„საახალწლო პერიოდში ტურისტულ პაკეტებზე ფასები აიწევს, გაზრდილი მოთხოვნიდან და ასევე, სადღესასწაულო დღეებიდან გამომდინარე. თებერვლიდან კი, ტურისტული პაკეტების ღირებულება, სავარაუდოდ, ისევ დაიწევს და მიმდინარე წლის შემოდგომის მაჩვენებელს დაუბრუნდება“, - დასძინა „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას იზაბელა საათაშვილმა.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც ტურისტულ კომპანიებში ყურადღებას ამახვილებენ, პანდემიიდან გამომდინარე, მომხმარებლების შეცვლილი ქცევაა. ისინი ამბობენ, რომ მომხმარებლები წინასწარი ჯავშნებისგან თავს იკავებენ და თუ ადრე, ტურისტულ პაკეტებს რამდენიმე თვით ადრე ყიდულობდნენ, ახლა ეს ტენდენცია შეცვლილია და მსოფლიოში არსებული არასტაბილური ვითარებიდან გამომდინარე, ტურპაკეტების შეძენა გამგზავრებამდე რამდენიმე კვირით ადრე ხდება.

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.