ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საბა კიკნაძე: მთელმა საქართველომ უნდა ისწავლოს უცხო ენა, არა – რუსული
16 ივლისი, 2019

ტურისტული კომპანია „კავკასუს თრეველის“ დამფუძნებლის საბა კიკნაძის შეფასებით, რუსეთში საქართველოს ტურიზმის მარკეტინგზე მილიონების დახარჯვა იყო დიდი შეცდომა და საქართველო დღეს ამის შედეგებს იმკის.

როგორც bm.ge-ისთან მან განაცხადა, აუცილებელია, სერიოზული საერთაშორისო კომპანიების დაქირავება თანმიმდევრული მარკეტინგული კამპანების საწარმოებლად, მაგრამ პირველ რიგში, საჭიროა, იმ მოწყვლადი ჯგუფების დახმარება, რომლებიც ე.წ. რუსული ავიასანქციების გამო დღეს კრიზისში არიან ან პრობლემები ექმნებათ.

„როდესაც გინდა, ვიღაცას ატკინო, უნდა დარტყა ყველაზე მტკივნეულ ადგილას. საქართველოსთვის ტურიზმი ყველზე მტკივნეული იქნებოდა, რადგან დღესდღეობით, რუსი ტურისტებისგან საქართველოში შემოსული თანხა გაცილებით მეტია, ვიდრე რუსეთში ექსპორტირებული ღვინოდან შემოსავალი; მეორე – ტურიზმი განსხვავდება სხვა სფეროებისგან იმით, რომ გაცილებით მეტი მოცვა აქვს – გაცილებით მეტი მოწყვლადი ჯგუფია ჩართული ანუ ადამიანები, რომლებიც ყიდიან სუვენირებს, ლავაშს გზის პირას და ა.შ. ან დაკავებულები არიან რესტორნების მომარაგებით… მოკლედ, ძალიან ბევრ ადამიანს ეხება და აქედან გამომდინარე, ავისანაქციები იქნებოდა ყველაზე მძიმე დარტყმა, გარდა პირდაპირი ომისა; შესაბამისად, „რაციონალურად“, ცივსისხლიანად, „კაგებეშნიკურად“ ყველანაირი გათვლით, ამაზე უარესს ვერაფერს გააკეთებდნენ; რასაკვირველია, სანქციებით ძალიან ბევრი ადამიანი დაზარალდება. გარდამავალი პერიოდი ზოგისთვის რთული იქნება, ბევრი იოლად ვერ გადაერთვება სხვა ბაზარზე, ამიტომ ვფიქრობ, პირველი, რაც უნდა გააკეთოს მთავრობამ, სწორედ დაბალი კატეგორიის, სუსტ და იოლად მოწყვლად ფენებს უნდა დაეხმაროს“, – განაცხადა კიკნაძემ.

„კავკასუს თრეველის“ დამფუძნებელს რჩევები კერძო სექტორისთვისაც აქვს, განსაკუთრებით, ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართული მცირე და საშუალოდ ბიზნესისთვის.

„მოკლე ვადიან პერსპექტივაში, მათ ვურჩევდი, რომ გადაერთონ ყაზახეთის იქნება ეს თუ რუსულენოვან ახლო ბაზრებზე, თუმცა რადგან ისინი პირდაპირ არ მონაწილეობენ მარკეტინგის დაგეგმვაში, შეიძლება ეს მათთვის შეუძლებელი იყოს, მაგრამ ამ ხალხს უნდა დავეხმაროთ როგორღაც. როგორ? – გრძელვადიანად. მთელმა ქვეყანამ უნდა ისწავლოს უცხო ენა, ნუ იქნება ეს ინგლისური, სხვა უცხო ენა და არა – რუსული. დავეხმაროთ იმით, რომ დაიწყოს გაძლიერებული სწავლება ინგლისურის, გერმანულის, ფრანგულის, დამატებითი პროგრამებით მოვიძიოთ მასწავლებლები. დავეხმაროთ იმით, რომ სხვა ბაზრებზე დავხარჯოთ ფული – მაგალითად, უკრაინაში, ყაზახეთში, ბატლიისპირეთში და ვიმუშაოთ ახლო ქვეყნებზე, ანუ ჰიბრიდულ ქვეყნებზე, სადაც რუსულად კომუნიკაცია შეიძლება; ამან შეიძლება მათ ეს კრიზისული პერიოდი გაუიოლოს“, – აღნიშნა საბა კიკნაძემ.

bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.