საოჯახო სასტუმროების ბაზარზე კონკურენცია გაიზარდა. როგორც კომპანია ,,საბზადის“ დამფუძნებელი დალი ბიგვავა ‘’ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, დაახლოებით 5-6 თვის წინ შექმნა საოჯახო ბიზნესი და ამ ხნის განმავლობაში მუდმივად იზრდება იმ მეწარმეების რაოდენობა, რომლებიც მომხმარებელს მსგავს სერვისს სთავაზობენ და ბაზარზე ნიშის დამკვიდრებას ცდილობენ.
რაც შეეხება ‘’საბზადს“ ეს არის სტარტაპი, ე.წ. სახლური გემოებით შექმნილი კულინარია, რომელსაც წამყვანი რესტორნების შეფ-მზარეული დალი ბიგვავა და მისი პარტნიორი თამარ სანაია მომხმარებლებს სთავაზობენ. მზა კერძების შეძენა კი ჯერჯერობით ონლაინ არის შესაძლებელი.
ბაზარზე საოჯახო სამზარეულოების გააქტიურებას შეფი მოთხოვნის ზრდას უკავშირებს. ამასთან, ბოლოდროინდელ ტენდენციებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ გაყიდვებში ხაჭაპური უპირობო ლიდერია, თუმცა მენიუს შედგენისას ყველაზე მეტი მოთხოვნა მეგრულ სამზარეულოზეა, რაზეც შეკვეთების 70% მოდის.
დალი ბიგვავას საოჯახო ტიპის სამზარეულოსთვის ნედლეულს დასავლეთ საქართველოდან, საოჯახო მეურნეობები აწვდიან, რაც 100%-ით ნატურალური და ჯანსაღი პროდუქტია.
,,გასტრონომიაში მუშაობის მრავალწლიანმა გამოცდილებამ გვიბიძგა, შეგვექმნა საკუთარი სამზარეულო, სახლური გემოებით, რაშიც მთელი ოჯახი ჩავერთეთ. სანამ საქმიანობას დავიწყებდით, შევისწავლეთ ბაზარი დაკვირვების დონეზე, საკმაოდ დიდი მოთხოვნა იყო, ამიტომ გარისკვა ღირდა. გასული წლის ზაფხულში გავიხსენით და ბოლო თვეების განმავლობაში შეკვეთები თითქმის გაორმაგებულია, განსაკუთრებით სადღესასწაულო პერიოდებში. ყველა კუთხის მენიუ მოთხოვნადია, თუმცა მეგრული ლიდერობს, განსაკუთრებით ელარჯი და გებჟალია, რომელსაც ყველაზე მეტად გვიკვეთავენ. არაფერს ვამბობ ხაჭაპურზე, რომელიც ყველა მენიუშია და ყოველთვის უპირობო ლიდერია“, - აცხადებს დალი ბიგვავა.
მისი თქმით, საოჯახო სამზარეულო მაქსიმალურად არის გამართული და ტექნიკურად უზრუნველყოფილი, რაც საშუალებას აძლევს, ნებისმიერი სირთულის შეკვეთა უმოკლეს პერიოდში შეასრულოს და ხარისხიანი სერვისი შესთავაზოს მომხმარებელს.
,,გვაქვს ყველა საჭირო ინვენტარი და პირობა, რაც სტანდარტით არის განსაზღვრული. ვინც ერთხელ უკვე შეგვიკვეთა მენიუ, დღეს უკვე ერთგული მომხმარებლების რიგშია, რაც ძალიან დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს. წარმოდგენილი გვაქვს ქართული ავთენტური სამზარეულო, ფაქტობრივად არ არსებობს კერძი, რომელიც შეიძლება შეგვიკვეთონ და ვერ მოვამზადოთ, ასეთი რამ წარმოუდგენელია. თუმცა, როგორც აღვნიშნე, აქცენტი მაინც მეგრულ სამზარეულოზე გავაკეთეთ, აღდგენილი და გაცოცხლებული გვაქვს მივიწყებული გემოები, რაც ასევე დიდ ინტერესს იწვევს. შეიძლება ითქვას, რომ არასდროს არ ვართ თანაბარ დონეზე. ვცდილობთ, კიდევ უფრო გავამდიდროთ ასორტიმენტი და დავხვეწოთ ხარისხი, რაზეც მომხმარებლისგან ყოველთვის დადებით უკუკავშირს ვიღებთ“, - აღნიშნავს დალი ბიგვავა.
მისი ინფორმაციით, ,,საბზადისი“ სამზარეულო იქმნება ძირითადად იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სახლურ გარემოში დამზადებული კერძებით სურთ დაბადების დღეების, სხვადასხვა დღესასწაულის თუ პირადი, დასამახსოვრებელი თარიღების აღნიშვნა.
,,საბზადის“ საქმიანობაში განსაკუთრებით საახალწლო პერიოდი იყო დატვირთული. საოჯახო სამზარეულოს მთავარმა შეფმა მომხმარებლებისთვის სპეციალური მენიუ შექმნა, რომლის ღირებულებამ 320 ლარი შეადგინა. დანარჩენ პერიოდში მენის ფასი 180-200 ლარიდან იწყება და ასორტიმენტის შესაბამისად მატულობს.
ცნობისთვის, ქართული სამზარეულო ,,საბზადი“ 2023 წელს დაფუძნდა. მისი ყველა კერძი ნატურალური ქართული ნედლეულით მზადდება. რაც შეეხება ინვესტიციას, დაახლოებით 10 ათასი ლარია, რაც დანადგარის შეძენას და ტექნიკური ბაზის უზრუნველყოფას მოხმარდა.
,,საბზადის“ დამფუძნებლის გეგმაშია გაფართოება და სარესტორნო ბაზარზე შესვლა, რომ მომხმარებელს გასტრონომიული სერვისი სამომავლოდ საკუთარ სივრცეში შესთავაზოს.
bp.ge