სად განთავსდება და როდის გაიხსნება საქართველოში ტურიზმის პირველი უმაღლესი სასწავლებელი - ახალი დეტალები
რამდენიმე დღეში საქართველოში ტურიზმის პირველი უმაღლესი სასწავლებელი Vatel-ი იხსნება. როგორც პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ბლოკ ჯორჯია ჯგუფის" მთავარი აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე თორნიკე ჯანაშვილი „კომერსანტთან" საუბრისას აცხადებს, უნივერსიტეტის პრეზენტაცია 29 მაისს, ტექნოპარკში გაიმართება.
როგორც ჯანაშვილი განმარტავს, ტურიზმის პირველი უმაღლესი სასწავლებელი Vatel-ი საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) შენობაში განთავსდება და პირველ სტუდენტებს სექტემბერში მიიღებს.
როგორც ცნობილია, ტურიზმის მართვის სექტორში მსოფლიოში ყველაზე დიდ ფრანგულ უნივერსიტეტ Vatel-თან კონტრაქტი იანვარში გაფორმდა, რომლის მიხედვით „ბლოკ ჯორჯია ჯგუფს" საქართველოსა და სომხეთზე ექსკლუზიური უფლება მიენიჭა.
„ეს იქნება ბაკალავრიატი და მაგისტრატურა, ასევე დაგეგმილია პროფესიული ტრეინინგები. უნივერსიტეტში უცხოელი ლექტორები იქნებიან. დიპლომები კი საფრანგეთიდან გაიცემა. პირველ ეტაპზე დაგეგმილი ბაკალავრიატის 50 სტუდენტის მიღება" - აცხადებდა ჯანაშვილი მიმდინარე წლის დასაწყისში.
მაშინ ჯანაშვილი აცხადებდა, რომ Vatel-ი აღიარებულია მსოფლიოს ყველა დიდი სასტუმროების ქსელის მიერ და ის გასული წლის ნოემბერში მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტად აღიარეს.
„ბლოკ ჯორჯია ჯგუფის" მთავარი აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე განმარტავდა, რომ დღეს ბაზარზე ტურიზმის სპეციალისტებზე დიდი მოთხოვნაა, ვითარდება სექტორი, თუმცა სერვისის დონე ჯერ კიდევ დაბალია და ვერ მიჰყვება განვითარებას. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს ამ მიმართულებაში ინვესტიციის ჩადება.
თორნიკე ჯანაშვილის განცხადებითვე, უნივერსიტეტში სწავლის საფასური ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება და სავარაუდოდ, ეს იქნება 5 ათასი დოლარი წელიწადში. პროექტში კი მთლიანობაში 1,5 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.
Vatel-ის პირველი სკოლა 1981 წელს გაიხსნა პარიზში.პირველი 10 წელიწადი უნივერსიტეტი საფრანგეთში ვითარდებოდა 1984 წელს კამპუსი გაიხსნა ლიონში, 1989 წელს ნიმესში, 1994 წელს ბორდოში. დღეისათვის Vatel GROUP-ს 35 კამპუსი აქვს მთელს მსოფლიოში. Vatel-ი სტუმართმასპინძლობისა და ტურიზმის მენეჯმენტში მსოფლიოს ნომერ პირველი სკოლაა.
გასულ წელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ რადიო „კომერსანტთან" საუბრისას განაცხადა, რომ ტურიზმის ეროვნულ ადმიანისტრაციას საქართველოში ტურიზმის უმაღლესი სასწავლებლის გახსნის მიზნით მოლაპარაკებები ჰქონდა შვეიცარიულ და ფრანგულ უმაღლეს სასწავლებლებთან. მაშინ ჩოგოვაძემ ფრანგული უნივერსიტეტის დასახელებისგან თავი შეიკავა, რაც შეეხება შვეიცარიულს- ჩოგოვაძის ინფორმაციით მოლაპარაკებები მიმდინარეობდა „ლე როშეს"-სთან, რომელიც სტუმართმასპინძლობის სფეროში არსებულ სკოლებს შორის მსოფლიო სამეულშია. ჩვენი ინფორმაციით, შვეიცარიულ სკოლასთან მოლაპარაკებები გრძელდება.
ავტორ(ებ)ი: სოფო ქსოვრელი
commersant.ge