ქართულ ღვინოში ყველაზე მეტ თანხას ამერიკელები იხდიან – ერთი ბოთლის საშუალო ღირებულება აშშ-ში 4 დოლარია, მაშინ როდესაც დანარჩენ ქვეყნებში საექსპორტო ფასი 2-2.32 დოლარის ფარგლებში მერყეობს, – ამის შესახებ “საქმიან დილაში” ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა.
ლევან მეხუზლას ინფორმაციით, ყველაზე ნაკლები ქართული ღვინო რუსეთსა და ჩინეთში ღირს, რაც ამ უკანასკნელის შემთხვევაში, ღვინის კულტურის ნაკლები ცნობადობით არის განპირობებული.
“ქართული ღვინო ყველაზე ძვირი ამერიკაშია, ამერიკელები ბოთლში საშუალოდ 4 დოლარს იხდიან მაშინ, როდესაც, საშუალო ფასი ქართული ღვინის არის 2-2.32 დოლარი.
რაც შეეხება მთლიანად შემოსავლებს, თუ რაოდენობაში რუსეთის წილი 60%-61%-ია შემოსავლებში დაახლოებით, 55% უჭირავს. ანუ სურათი უკვე ნათელია იმისა, რომ რუსეთთან შედარებით სხვა ბაზრები უფრო მეტს იხდიან. უხეშად ჩინეთიც შეიძლება რუსეთის მსგავსად განვიხილოთ, იმიტომ, რომ ღვინის თვალსაზრისით, ჩინეთი ახალია. ახლა ეჩვევიან და სწავლობენ თუ რაშია უნიკალურობა, რაში ითხოვენ მწარმოებლები ფასს, რომ არსებობს უნიკალური ჯიშები და ა.შ. როდესაც ეს ბაზარი გაიზრდება ღვინის განვითარების მხრივ, რასაკვირველია, ფასები აიწევს”, – განაცხადა მეხუზლამ.