‘’ვერველევი“ ყურძნის სამი ჯიშისგან მიღებული ღვინოა, რის ექსპერიმენტიც კომპანია ‘’ველეულამ“ მოახდინა. რაჭული ,,მწვანე’’, იმერული ,,ცოლიკაური“-ს და კახური ,,რქაწითელისგან“ მიღებული ღვინო ამ ეტაპზე ონლაინ იყიდება და უკვე მომავალი წლიდან გლობალურ ბაზრებზეც გავა. აღნიშნულთან დაკავშირებით ‘’ბიზნესპარტნიორთან“ კომპანიის მენეჯერი ნინო მღებრიშვილი აცხადებს.
"მომხმარებელს ვთავაზობთ ტრადიციული ყურძნისგან განსხვავებული ხედვით დამზადებული ღვინოებს, რაც ბაზარმა კარგად მიიღო და უამრავი გულშემატკივარი ჰყავს. ასე შეიქმნა ,,ვერველევი“, რომელიც ძალიან არომატული ღვინოა. სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსზე მიღებული აქვს ოქროსა და ვერცხლის მედლები. ამასთან, შეყვანილია სხვადასხვა წიგნში, როგორც ერთ-ერთი სანიმუშო ღვინო. ვთვლით, რომ ექსპერიმენტმა გაამართლა, მომხმარებლებს შორის დიდი მოწონებით სარგებლობს. ,,ვერველევი“ 1.5 ლიტრიან ბოთლებშია ჩამოსხმული და ამ ეტაპზე ონლაინ იყიდება. როდესაც ექსპორტს დავიწყებთ, ბოთლის მოცულობა 740 მილილიტრამდე შემცირდება“, - აცხადებს ნინო მღებრიშვილი.
კომპანიის მენეჯერი მიმდინარე ტენდენციაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მოთხოვნა 2023 წელს, წინა წელთან შედარებით გაორმაგებულია და ტრენდი 2024 წელსაც შენარჩუნდება.
ამ დროისთვის ‘’ველეულა", "ვერველევის" გარდა, რამდენიმე დასახელების ღვინოს (რაჭული თეთრა, ოცხანური საფერე, რაჭული მწვანე, როზე და ა.შ) აწარმოებს და რეალიზაციას ახდენს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე, მათ შორის, აშშ-სა და ინგლისში.
‘’2024 წელს წარმოებას და ექსპორტსაც გავზრდით. მოთხოვნა ერთი წლის განმავლობაში გაორმაგდა, რასაც გვინდა, რომ წარმოების ზრდით ვუპასუხოთ. წელს ვგეგმავთ ახალი ბრენდის გაკეთებას, საინტერესო ჯიშების შერევას და ექსპერიმენტებს, რაც ჩვენი ერთ-ერთი ნიშაა, ასე დავმკვიდრდით ბაზარზე და გვინდა მიდგომა ბოლომდე შევინარჩუნოთ. წარმოებაშია და გვინდა დავხვეწოთ მუხაში დავარგებული წითელი ღვინოები, რაც ძალიან საინტერესოა. ხელს გვიწყობს ფესტივალები და გამოფენები, რაც წარმოებისთვის დიდი შესაძლებლობაა“, - აცხადებს ნინო მღებრიშვილი.
კომპანია ‘’ველეულა" ბაზარზე პანდემიურ პერიოდში, 2020 წელს შეიქმნა. ამ ეტაპზე წარმოების მაჩვენებელი 15 000 ბოთლს შეადგენს. აქედან ‘’ვერველევის“ წილი 15%-მდეა. კომპანიის გეგმაშია წარმოების გაზრდა 25 000 ბოთლამდე, რის პარალელურადაც საექსპორტო არეალი გაფართოვდება.
პროდუქცია საშუალო და მაღალი სეგმენტისთვის არის გათვლილი.
bp.ge