ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საერთაშორისო, მულტიდისციპლინური ფესტივალი One Caucasus 2019 იწყება
06 აგვისტო, 2019

„ყველაზე შთამაგონებელი ფესტივალი“

საერთაშორისო, მულტიდისციპლინური ფესტივალი One Caucasus 2019  წელსაც ტრადიციისამებრ ქვემო ქართლში, მარნეულის რაიონის სოფელ წერაქვში გაიმართება. ღონისძიება 22 აგვისტოს დაიწყება და 25 აგვისტომდე გაგრძელდება. სამი დღის განმავლობაში არაერთი აქტივობა და კონცერტია დაგეგმილი.

ფესტივალის ორგანიზატორების თქმით ღონისძიების მარნეულის რაიონში გამართვას კონკრეტული მიზანი აქვს:

„ფესტივალი გაიმართება ქვემო ქართლში, მარნეულის რაიონის სოფელ წერაქვში, რადგან ლოკაცია შეესაბამება ჩვენს კონცეფციასა და იდეებს. პირველად 6 წლის წინ გადავწვიტეთ გაგვეკეთებინა პირველი ვუდსტოკ ფესტივალი(Woodstock Festival) სამხრეთ კავკასიაში და ამიტომაც ავირჩიეთ ქვემო ქართლი. სოფელი  წერაქვი სამი კულტურის გზაგასაყარზეა- საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი. ეს არის მულტიეთნიკურიადგილი, სადაც სხვადასხვა რელიგიისა და ეროვნების ადამიანები წლებია მშვიდობიანად თანაცხოვრობენ, მულტიდისციპლინური  – მუსიკისა და თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი კი სხვადასხვა კულტურის წამომადგენელ,სხვადასხვა მუსიკალურ ჟანრში მუშაობის გამოცდილების მქონე ხელოვანებს საშუალებას აძლევს ერთმანეთს შეხვდნენ და შექმნან საერთო მუსიკალური პროექტები“.

აღსანიშნავია, რომ ფესტივალის დაწყებამდე რამდენიმე  კვირით ადრე, 8 აგვისტოდან, წერაქვში საერთაშორისო მოხალისეთა ჯგუფი შეიკრიბება.  ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით , სამი კვირის განმავლობაში იქმნება შემოქმედებითი ლაბორატორია, სადაც ყველა შეეცდება  ფესტივალის მზადების ფარგლებში მოახდინოს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება, კონფლიქტების მოგვარება ხელოვნების გზით, ადამიანური ურთიერთობებისა და კომუნიკაციის გზით.

„ ჩვენ ვაშენებთ One Caucasus ქალაქს და ჩვენს ქალაქში ყველა ერთმანეთის მეგობარია, ამ სამი კულტურის გზაჯვარედინზე, ჩვენ ვქმნით საგანმანათლებლო პროგრამებს ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის. დავდივართ სოფელ-სოფელ და ვაწყობთ ვორქშოპებს, საინტერესო შეხვედრებს, სამი კვირის განმავლობაში სამხრეთკავკასიაში მდებარე პატარა სოფელი წერაქვი სრულიად ახალ სიცოცხლეს იძენს.  ვფიქრობთ, სამომავლოდ, ჩვენი აქტივობებით მოხდეს სოფელ წერაქვის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია , სკოლა  წლებია ჩვენი მასპინძელია და შესაძლებელია გადაიქცეს კულტურის კერად ამ რეგიონში, სადაც არა მარტო ფესტივალის პერიოდში, არამედ მთელი წლის განმავლობაში ჩატარდება კულტურულ- შემეცნებითი აქტივობები“.

ფესტივალი ყველა მსურველისთვის ხელმისაწვდომია და დასწრება უფასოა.  22 – 25 აგვისტოს ყველა მსურველს შეეძლება ისარგებლოს უფასო ტრანსპორტირებით როგორც თბილისიდან (თბილისი, წერაქვი, თბილისი),ასევე მარნეულიდან.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან  შემოქმედებითი საქართველო, პოლონეთის კულტურის სამინისტრო, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო,  ვარშავის მერია, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია და ფრიდრიხ ნიუმანის ფონდი/ გერმანია.

დამატებითი ინფორმაციისა და ფესტივალში მონაწილე მუსიკოსების სანახავად ეწვიეთ ბმულს: http://www.onecaucasus.org/

კომერსანტი


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.