საგარეჯოში ახლად რეაბილიტირებული ცენტრალური საფეხბურთო სტადიონი გაიხსნა.
სტადიონის სათამაშო მოედნის რეაბილიტაცია გასული წლის ოქტომბრის მიწურულს დაიწყო. პროექტის განხორციელებაზე 636 557 ლარი დაიხარჯა. თანხის უმეტესი ნაწილი რეგიონული განვითარების ფონდმა დააფინანსა, ნაწილი კი – მუნიციპალურმა ბიუჯეტმა. შეიძლება ითქვას, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ამ მასშტაბის პროექტი მრავალი წელია არ განხორციელებულა.
უახლოეს მომავალში დაგეგმილია მეორე პროექტის განხორციელებაც, რომელიც მიზნად ისახავს ტრიბუნების რეაბილიტაციას, საკანალიზაციო და წყალმომარაგების სისტემის, აგრეთვე გასახდელებისა და საშხაპეების მოწყობას.
აღსანიშნავია, რომ საგარეჯოს საფეხბურთო კლუბ „გარეჯის“ ხელმძღვანელმა ლაზარე დათუნაშვილმა მუნიციპალიტეტის მერს გიორგი ერბოწონაშვილს, სტადიონის რეაბილიტაციისას გამოვლენილი ყურადღებისა და თანადგომისთვის, სამახსოვრო საჩუქარი გადასცა: კლუბის მაისური – 41–ე ნომრით და ლევან კობიაშვილის ავტოგრაფით.
სტადიონის გახსნისას აღინიშნა, რომ მათ სიტყვაში გამოსვლისას აღნიშნეს, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის, სპორტის განვითარებისა და მოსახლეობის ფართო ფენებისთვის სპორტის ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა საქართველოს ხელისუფლების ერთ–ერთ უმთავრეს პრიორიტეტსა და ამოცანას წარმოადგენს.
www.travelingeorgia.ge