საგურამოში მინი-ქალაქის პროექტის განხორციელება შეჩერებულია – რატომ ვერ ახერხებს კომპანია მშენებლობის დაწყებას?
რადიო „კომერსანტისთვის" ცნობილი ხდება, რომ საგურამოში მინი-ქალაქის პროექტის განხორციელება შეჩერებულია. Georgian Ventures & Investment Ltd (GVI), და არაბული Salim Ali Al Shamsi Real Estate- ის ერთობლივი პროექტის მიხედვით Saguramo Gardens-ი 35 ჰექტარზე უნდა განთავსდეს.
როგორც მენეჯერი აქბარ ქურაში წლის დასაწყისში „კომერსანტთან" საუბრისას აცხადებდა, პროექტის მშენებლობა ზაფხულში უნდა დაწყებულიყო. თუმცა დღეს ირკვევა, რომ პროექტის განმახორციელებელი კომპანია ეკონომიკის სამინისტროში ვერ ახერხებს საჭირო პროცედურების გავლას, რის გამოც ამ ეტაპზე გაჩერებული არიან. ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ საკითხზე დეტალები ცნობილი მოგვიანებით გახდება.
საგურამოს მინი-ქალაქის პროექტი 450 საცხოვრებელ ვილას, საცხოვრებელ კორპუსებს, სამედიცინო ცენტრს, 4 ვარსკვლავიან სასტუმროს, გამაჯანსაღებელ კურორტს და დასასვენებელ პარკს, მინი გოლფ მოედანს, სპორტულ ინფრასტრუქტურას, აუზს, საბავშვო ზონას, სავაჭრო ცენტრებს, კაფეებს, რესტორნებს და თემატურ პარკს მოიცავს, რომელიც პატარა ტბებისგან, ქვაფენილით მოპირკეთებული ქუჩებისგან და ხილის ბაღებისგან შედგება.
გეგმის მიხედვით პროექტი მშენებლობიდან 4 წელიწადში უნდა დასრულდეს.
ინვესტიციის მოცულობა კონფიდენციალურია, თუმცა ინვესტორი კომპანია წერს, რომ ეს არის მეგა - პროექტი. მისი განხორციელება რამდენიმე ფაზად მოხდება. მინი ქალაქში სულ 5 ათასი მაცხოვრებელი იქნება . ამას ემატება, კომერციული და საოფისე ფართები.
რაც შეეხება თავად კომპანიებს - არაბული უძრავი ქონების კომპანია Salim Ali Al Shamsi Real Estate-1990 წელსაა დაფუძნებული, აქამდე კომპანიას პროექტები ძირითადად არაბეთში აქვს განხორციელებული. როგორც არაბული კომპანია საკუთარ ვებ-გვერდზე წერს, საქართველო პროგრესული ქვეყანაა. ბოლო 5 წელია ქვეყანა ნომერ პირველ რეფორმატორად ითვლება და აქ ბიზნესის კეთება ყველაზე მარტივი და უსაფრთხოა ევროპაში.
Georgian Ventures & Investment Ltd კი საინვესტიციო კომპანიაა."საგურამო გარდენსის" გარდა, კომპანია რამდენიმე ეკო-გამაჯანსაღებელი კურორტის განვითარებაზე მუშაობს.
ავტორ(ებ)ი: სალომე სოსელია
commersant.ge