ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საგვარეულო მარანი, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
05 მარტი, 2018

კასპის მუნიციპალიტეტის, სოფ. კალოუბანში დავითაშვილების საგვარეულო მარანს, რომელიც სხვადასხვა ზომის ნატეხი და რიყის ქვითა და აგურითაა ნაშენები, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

მარანი დავითაშვილთა საგვარეულო ნაგებობაა. მარანი თითქმის მიწაში ზის, სანამ მასზე სახლი აშენდებოდა, გადმოცემით მიწური გადახურვა ქონია. ასე მარანი მუდმივად ერთ ტემპერატურას ინარჩუნებდა.

მარნის ქვედა წყობა რეგულარულია, შემდეგ კი თევზიფხური ენაცვლება.

მარანი მაღალია, დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ წაგრძელებული. აღმოსავლეთ ნაწილში მთელს სიგანეზე ქვის საწნახელია ამოყვანილი, რომელსაც სატუჩე დაბლა, შუა ნაწილში აქვს.

კედლები თაღნარებით სიმაღლეში ორ ნაწილადაა გაყოფილი. ქვედა რეგისტრის თაღები უფრო დიდი ზომისაა და ნახევარწრიული თაღებით სრულდება. მეორე რეგისტრის თაღები უფრო პატარა ზომის და შეისრულთაღიანია. პირველი რეგისტრის თაღებში აგური მხოლოდ თაღის გამოსაყვანადაა ნახმარი, მეორე რეგისტრის თაღნარი კი თითმის მთლიანად აგურითაა გამოყვანილი.

საწნახლის თავზე აღმოსავლეთის კედლის ზედა ნაწილში სამი შეისრული თაღია.

ჩრდილოეთის და სამხრეთის კედლებზე ქვედა რეგისტრში - სამ-სამი, ზედაში - შვიდ-შვიდი. ჩრდილოეთის კედლის აღმოსავლეთ ნაწილში, საწნახლის გვერდით პატარა სწორკუთხა ნიშაა, რომელშიც წყაროს სადინარია გაკეთებული, ასე წყალი საწნახელს მიეწოდებოდა, იქვე, პატარა ნავის ფსკერზე დატანებული სადინარით კი ზედმეტი წყალი გარეთ გადიოდა.

სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილში, თაღებს შორის მცირე ზომის ასევე თაღოვანი ბუხარია, რომელსაც საკვამური კედელში აქვს ჩაშენებული. დასავლეთი კედელი მთლიანად შესასვლელს ემსახურება. ჩრდ. ნაწილში თაღოვანი შესასვლელია, რომელიც მუხის კარით იკეტება. ღიობის სამხრეთით ერთი სათოფურია, ხოლო მის ქვემოთ კარის დირის გასაყრელი ხვრელი. კედლის დანარჩენი ნაწილი, ცენტრალური ნაწილი დიდ თაღს უჭირავს, რომელიც ცალპირი ქვითაა ამოშენებული. საჭიროების შემთხვევაში ეს კედელი ინგრეოდა და აქედან ყურძენი შექონდათ მარანში. შემდეგ ისევ ხდებოდა თაღის ამოშენება. მარანი გადახურულია ორ დედაბოძზე დაყრდნობილი ხის კონსტრუქციით. დედაბოძებიდან ერთი მარნის შუაშია აღმართული, მეორე, უფრო მცირე ზომის კი ზედ საწნახლის კედელზეა დადგმული. იატაკი მიწატკეპნილია და მასში სხვადასხვა ზომის ქვევრებია ჩაყრილი, რომლეთაც შუაში გახვრეტილი მრგვალი ქვები აქვს სახურავად. 



მარანს დასავლეთიდან მცირე დერეფანი აქვს გაკეთებული, რომელშიც მარანში ჩასასვლელი კიბეებია.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.