ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საჰაერო გზით საქართველოს უცხოელი ვიზიტორების 21% სტუმრობს
10 აგვისტო, 2017

საქართველოში ტურიზმიდან შემოსულობები მეორე კვარტალში 659.0მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა (+27.9% წ/წ). პირველ კვარტალში წლიურად 23.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ჯამურად კი ტურიზმიდან შემოსულობებმა 2017 წლის პირველ ნახევარში 1.1მლრდ აშშ დოლარს მიაღწია (+26.0% წ/წ). 

G&T-ის ინფორმაციით, ტურიზმიდან შემოსულობების წილმა მომსახურების ექსპორტში 2017 წლის პირველ კვარტალში 61.1% შეადგინა, მაშინ როცა იგივე მაჩვენებელი 2016 წლის შესაბამის პერიოდში 56.4% იყო. საერთაშორისო მოგზაურების მიერ საქართველოში უცხოური ბარათებით განხორციელებულმა ოპერაციებმა 165.1მლნ ლარი (+34.2% წ/წ) შეადგინა 2017 წლის ივნისში, ხოლო ჯამურად 2017 წლის პირველ ნახევარში 952.3მლნ ლარს (+33.5% წ/წ) გაუტოლდა. 

ტურიზმის სექტორში დამატებულმა ღირებულებამ 480.1მლნ ლარს მიაღწია 2017 წლის პირველ კვარტალში და მშპ-ს 6.8% შეადგინა, მაშინ როცა 2016 წლის შესაბამის პერიოდში იგივე მაჩვენებელი 7.4% იყო. განთავსების ობიექტების სეგმენტის დამატებული ღირებულება გაიზარდა 36.2%-ით წ/წ (+4.8 პ.პ), ხოლო საკვები დაწესებულებების 5.5%-ით წ/წ (+1.3 პ.პ), მაშინ როცა დამატებული ღირებულება მნიშვნელოვნად შემცირდა ტრანსპორტისა (-8.5% წ/წ, -2.4 პ.პ.) და სამოგზაურო ბიუროების და ტურისტული აგენტების საქმიანობის სეგმენტებში (-8.3% წ/წ, -2.9 პ.პ.). 

საერთაშორისო ვიზიტორების რეკორდულ ზრდასთან ერთად, მიმართულებების რაოდენობა და რეისების სიხშირეც მატულობს. პირდაპირი ფრენების რაოდენობამ 2017 წლის ივნისში მაქსიმუმს მიაღწია - 38 ავიახაზი 87 მიმართულებას ემსახურებოდა, კვირაში კი საშუალოდ 400 ფრენა ხორციელდებოდა. საჰაერო კავშირების გაუმჯობესება თანხვედრაშია მეორადი ბაზრებიდან ვიზიტორების ზრდასთან. მაგალითისთვის, 2017 წლის შვიდ თვეში ახლო აღმოსავლეთიდან ვიზიტორების რაოდენობამ 78,000-ს (+94.0% წ/წ) გადააჭარბა, რაც განპირობებული იყო საუდის არაბეთიდან (+217.5% წ/წ, +41.6 პ.პ.), იორდანიიდან (+398.4% წ/წ, +13.6 პ.პ.) და ქუვეითიდან (+184.9% წ/წ, +10.0 პ.პ.) ვიზიტორების რაოდენობის ზრდით. ავიახაზების დაანონსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მოსალოდნელია ახლო აღმოსავლეთისა და აზიის სხვა რეგიონების მიმართულებით პირდაპირი ფრენების კიდევ უფრო გააქტიურება. ზემოხსენებული დინამიკიდან გამომდინარე, საჰაერო ტრანსპორტით მოსარგებლე ვიზიტორთა წილი მზარდია. 2017 წლის შვიდ თვეში საქართველოს საჰაერო გზით ვიზიტორთა 21.3% ეწვია, რაც მნიშვნელოვნად აღემატება 2016 წლის იმავე პერიოდში დაფიქსირებულ ნიშნულს (16.1%).

www.bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.