ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
"საკალმახე მწვანე ტბების" სათევზაო სივრცეს რესტორანი და კოტეჯები დაემატება
29 იანვარი, 2024

მესტიაში, სოფელ ეცერში მდებარე ,,საკალმახე მწვანე ტბები“ 2024 წელს გაფართოების მასშტაბურ პროექტს იწყებს. როგორც ტურისტული ობიექტის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი სოსო არღვლიანი ‘’ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, აქამდე სტუმრებს შეეძლიათ ბუნებაში დასვენება, კალმახის დაგემოვნება, თევზაობა და უბრალოდ, განტვირთვა. ახალი სეზონიდან კი შესაძლებელი იქნება სამზარეულოს გაფართოება და კოტეჯების დამატება.

,,ამ ეტაპზე საორგანიზაციო საკითხებით ვართ დაკავებული, მომდევნო სეზონიდან ვგეგმავთ კულინარიული მიმართულების ფართოდ გაშლას. ამისთვის ადგილზე მოწეულ პროდუქციას გამოვიყენებთ, რისი შესაძლებლობაც სოფელში და კონკრეტულად კი, ჩვენს საოჯახო მეურნეობაში დიდია. მოგვყავს ყველა ადგილობრივი კულტურა, როგორიცაა კარტოფილი, ლობიო, სიმინდი და თითქმის ყველა დასახელების ბოსტნეული. საკმაოდ მაღალ დონეზეა ასევე მეფრინველეობა და მეცხოველეობა.  ფაქტობრივად ყველა რესურსია, რაც სამზარეულოს გამართული საქმიანობისთვის არის აუცილებელი. ამიტომ გადავწყვიტეთ  აგრომიმართულება გავაძლიეროთ, რაშიც ჩვენი მრავალრიცხოვანი მომხმარებლების ინტერესი გავითვალისწინეთ. ვგეგმავთ, რომ ახალი სეზონისთვის თევზეულის ნაირსახეობას დავამატოთ სხვა ასორტიმენტიც, შესაბამისად, დაემატება სარესტორნო სივრცე და კოტეჯები, რაც განთავსების პრობლემას მოგვიგვარებს“, - აცხადებს სოსო არღვლიანი.

‘’საკალმახე მწვანე ტბების“ ტერიტორია თავიდან გათვალისწინებული იყო, როგორც მოსასვენებელი სივრცე ოჯახისთვის, თუმცა იდეა  მალევე იქცა ბიზნესად.

რაც შეეხება ტურისტული ობიექტის ინფრასტრუქტურას, სოსო არღვლიანის  განცხადებით, მან თითქმის ყველა სამუშაო საკუთარი ხელით  შეასრულა და კოტეჯების მშენებლობასაც დამოუკიდებლად აპირებს.

,,თავიდან, როცა ვიწყებდი ბიზნესს, დიდი დანაზოგი არ მქონდა, მაგრამ საქმე, ბაზრის საჭიროებები კარგად შევისწავლე. ასე ვთქვათ,  ნაბიჯ-ნაბიჯ დავიწყე მუშაობა პროექტზე. ზუსტად ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა, იმხელა მოტივაცია მქონდა, რომ არაერთი გამოწვევა გადავლახე. ახლა ყველაფერი მარტივად მეჩვენება. მიღებული გამოცდილება ძალიან დამეხმარა“, - აღნიშნავს ტურისტული ობიექტის მფლობელი.

მთავარი გამარჯვებად სოფლის ცნობადობის გაზრდას უკავშირებს და აღნიშნავს, რომ მეჩხრად დასახლებული, აქამდე უცნობი სოფელი ეცერი ,,საკალმახე მწვანე ტბებით“ საკმაოდ პოპულარული გახდა. თანასოფლელებისთვის კი იქცა მაგალითად, როგორ გამოიყენონ საოჯახო მეურნეობის შესაძლებლობები და გაზარდონ შემოსავლები, რაც აქამდე ბევრს წარმოუდგენელი ეგონა.

‘’საკალმახე მწვანე ტბების“ სივრცე, მიუხედავად იმისა, რომ კერძო საკუთრებაა, ნებისმიერი მსურველისთვის ღიაა.

"ყველა ადამიანს, ვისაც ბუნებაში სურს განტვირთვა, შეუძლია უფასოდ შემოვიდეს ტერიტორიაზე, დაათვალიეროს აქაურობა, სურვილის შემთხვევაში, დარჩეს რამდენი ხნითაც სურს, წაიკითხოს წიგნი ან უბრალოდ, დაისვენოს. რაც შეეხება სერვისს, თევზჭერის საფასური სიმბოლურია და 20 ლარს შეადგენს. 1 კგ კალმახი 30 ლარია, ადგილზე დაგემოვნებისას, ერთი ულუფა კერძის ღირებულება 10 ლარია,"-აცხადებს არღვლიანი. 

ცნობისთვის, „საკალმახე მწვანე ტბების " პროექტზე მუშაობა სოსო არღვლიანმა 2 წლის წინ დაიწყო. ამ ეტაპზე 5 ადამიანია დასაქმებული, რომელთა რაოდენობა წელს საგრძნობლად გაიზრდება.

რაც შეეხება განხორციელებულ ინვესტიციას, ტურისტული ობიექტის დამფუძნებელი ვერ აკონკრეტებს იქიდან გამომდინარე, რომ სამუშაოების უმეტესობა საკუთარი ხელით აქვს შესრულებული, ხარჯი მნიშვნელოვნად შეამცირა და ახალი პროექტების შემთხვევაშიც, მიდგომას არ ცვლის.

bp.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.