საქართველო, 2023 წელს, ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის (WWTG) თავმჯდომარე ქვეყანა გახდება.
„ჯგუფში საქართველოს მონაწილეობის ძირითადი მიზანია ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის გაზრდა და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ღვინის ინდუსტრიისთვის. ჯგუფის თავმჯდომარეობა ხორციელდება ყოველწლიურად, თითოეული მონაწილე ქვეყნის მიერ, როტაციის პრინციპით. მიმდინარე წელს ჯგუფის თავმჯდომარე ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატებია”, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ აშშ-ში, კალიფორნიის შტატის ქალაქ სანტა-როზაში გამართულ WWTG-ის ყოველწლიურ შეხვედრაზე.
ლევან მეხუზლამ ადგილწარმოშობის დასახელებებისა და ღვინის ხარისხთან დაკავშირებულ სავაჭრო ბარიერებზე პრეზენტაციაც გამართა, ისაუბრა ღვინით ვაჭრობის მარეგულირებელ საკითხებსა და საქართველოს ღვინის ინდუსტრიის პოტენციალზე.
WWTG ღვინის მწარმოებელი ქვეყნების (არგენტინა, ავსტრალია, კანადა, ჩილე, საქართველო, ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა, აშშ, ურუგვაი) გაერთიანებაა. ორგანიზაციის ძირითადი მიზანია ღვინით ვაჭრობის გამარტივება, ღვინით საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობა ინფორმაციის გაზიარებისა და სავაჭრო ბარიერების მოხსნისათვის ერთობლივი ქმედებების განხორციელების გზით.
business-partner.ge